1. გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უნივერსალური მიმწოდებლისგან იღებს ან აკმაყოფილებს კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

[
1. 2027 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომენტისთვის მოქმედი პირობებით − წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვისგან და ამის შედეგად ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან გათავისუფლებით.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

2. თუ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 2027 წლის 1 იანვრამდე შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს;

ბ) წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №605 – ვებგვერდი, 12.06.2025