1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუალოდ ზღვის, მდინარის, ჭაობის, კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას, ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 მეტრი სიგანისა და სიღრმის თხრილი. ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის, „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით დამზადებული ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs Control Zone“.
2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო- და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.
3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები – საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;
ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;
გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება, აგრეთვე, სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;
დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
ე) საბაჟო ორგანოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;
ვ) საბაჟო დეკლარაციის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;
ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;
თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი, თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის ლაბორატორიის მოწყობას;
ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება აქვს სამსახურს.
5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ-ის ფუნქციონირებისათვის დადგენილი პირობები, რის შესახებაც ერთი წლით ადრე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ორგანიზატორის წინააღმდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით.
თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი