1. რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით მიღწეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც ის მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი ეთანხმება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში სხვაგვარ დაკმაყოფილებას.
2. რეგულირებული შეთანხმების მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი ბიზნეს სუბიექტის, შენარჩუნება, რაც გამორიცხავს შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.
3. რეგულირებული შეთანხმების დადება და შესრულება შესაძლებელია მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მონაწილეობით.
4. რეგულირებული შეთანხმების დადების მიზნით წარმართულ მოლაპარაკების პერიოდზე ვრცელდება ამ კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი არაუმეტეს 2 თვის ვადით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვის ვადით. მოვალე უფლებამოსილია, არ ისარგებლოს მორატორიუმით ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
5. რეგულირებული შეთანხმების დასადებად სავალდებულო არ არის შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) ქონებრივი სიკეთის/სარგებლის განაწილებისას არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ჯგუფის შიგნით პროპორციულობის პრინციპის დაცვა იმ არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეგულირებულ შეთანხმებას;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების განსაზღვრა და კრედიტორთა რეესტრის შედგენა ამ კანონით დადგენილი წესით. რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, მოვალესა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს შეუძლიათ, კრედიტორთა რეესტრი შეადგინონ ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით, რა დროსაც კრედიტორებს უნდა მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი მოთხოვნები.
6. გაკოტრების მინიმუმისა და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი.
7. რეგულირებული შეთანხმების შესრულების შედეგად, სრულად და საბოლოოდ შესრულებულად ჩაითვლება მოვალის ყველა ის ვალდებულება, რომელიც რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მომენტისთვის არსებობდა და რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ მოიცავდა რეგულირებული შეთანხმება.
8. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, ასევე კრედიტორს, ანიჭებს უფლებას, მოვალის მიმართ სასამართლოში შეიტანოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებ