1. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და სრულ ინფორმაციას მოვალის აქტივებზე, ვალდებულებებზე, გარანტიებსა და თავდებობაზე.

2. ინფორმაცია მოვალის აქტივების შესახებ უნდა შეიცავდეს მოვალის აქტივების აღწერილობას საბალანსო და საბაზრო ღირებულების მითითებით, მათ შორის:

ა) უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთულ ქონებასა და უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღწერილობას, უზრუნველყოფის ღონისძიების წარმოშობის დროს, საფუძველსა და მოცულობას;

ბ) აქტივებს, რომლებიც უნდა გამოირიცხოს რეგულირებული შეთანხმებიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მესამე პირების მიმართ მოვალის მოთხოვნებს, მათ შორის, მოთხოვნებს მოვალესთან დაკავშირებული პირების მიმართ;

დ) იმ ქონების აღწერილობას, რომლის მესაკუთრეც შეთანხმების დადებამდე არ არის მოვალე, მაგრამ რომელსაც მოიცავს რეგულირებული შეთანხმება. აღწერილობა უნდა შეიცავდეს აგრეთვე მონაცემებს ქონების მესაკუთრისა და იმ პირობების შესახებ, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ეს ქონება ხელმისაწვდომი იქნება რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში.

3. მოვალის ვალდებულებები უნდა შეიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ინფორმაციას:

ა) კრედიტორთა სიას, თითოეული კრედიტორის მოთხოვნის, დასახელებისა და მისამართის მითითებით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა.ა) უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის აღწერილობასა და მოცულობაზე მითითებით;

ა.ბ) პრეფერენციული კრედიტორები;

ა.გ) არაუზრუნველყოფილი კრედიტორები;

ა.დ) მოვალესთან დაკავშირებული პირების კრედიტორები;

ბ) მოვალის პარტნიორების დასახელებასა და მისამართს, მითითებას თითოეული პარტნიორის შესაბამისი წილისა და შენატანის შესახებ, განუხორციელებელი შენატანის ჩათვლით. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, საკმარისია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა პარტნიორთა მინიმუმ ორ მესამედთან მიმართებაში.

4. ინფორმაცია გარანტიებისა და თავდებობის შესახებ უნდა შეიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ინფორმაციას:

ა) გაცემულია თუ არა მოვალის ვალებთან დაკავშირებით რაიმე გარანტია, გარანტიის აღწერილობა და მოცულობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) მითითება, გარანტებიდან/თავდებებიდან რომელია მოვალესთან დაკავშირებული პირი.

5. მოვალის საქმიანობის ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეცილების შესაძლო საფუძვლების შესახებ, რომლებიც იარსებებდა საწარმოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის შემთხვევაში.

6. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა მომზადდეს შეთავაზების თარიღამდე არაუადრეს ორი კვირის მდგომარეობით და დადასტურებული უნდა იყოს განცხადებით, რომლითაც შემთავაზებელი ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია სრულია და შეესაბება სიმართლეს, რამდენადაც ეს შემთავაზებლისთვის ცნობილია.

7. ანგარიშის შედგენის მიზნებისთვის რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს შეუძლია მიიღოს საქმიანობის ანგარიში ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულზე უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთზეც, მაგრამ არაუადრეს შეთავაზების თარიღამდე 2 თვის მდგომარეობის