1. სასამართლო უფლებამოსილია, მოვალის, კრედიტორის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების თაობაზე.

2. სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ აღსრულება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამასთან, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა მიემართება გადახდისუუნარობის მასაში და ინდივიდუალური კრედიტორის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენება.

3. სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის შესაბამისი ღონისძიება, როცა საქმე განიხილება უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის პროცედურული ნორმების შესაბამისად და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნება ზიანს აყენებს განმცხადებლის კანონიერ ინტერესებს, მათ შორის, თუ მორატორიუმის ღონისძიებას უარყოფითი გავლენა აქვს განმცხადებლის საპროცესო უფლებებზე, ან არსებობს ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო უფლების განუხორციელებლობის საფრთხე.

4. სასამართლო გააუქმებს ამ კანონის 55-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მორატორიუმის ღონისძიებას კრედიტორის, მოვალის, მმართველის/ზედამხედველის განცხადების საფუძველზე, თუ რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნება ხელს უშლის ან არსებითად ართულებს ამ მიზნის მიღწევას. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება არ აუარესებს კრედიტორთა მდგომარეობას.

5. გარდა ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებებისა, მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადების განხილვისას, სასამართლო ასევე აფასებს, ადგება თუ არა კონკრეტულ განმცხადებელს ზიანი მორატორიუმის იმ ღონისძიების გამოყენებით, რომლის გაუქმებასაც ის ითხოვს, ხოლო ზიანის დადასტურების შემთხვევაში – აღემატება თუ არა ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორების თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანს. კრედიტორის მიერ ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ზიანი შესაძლებელია გამოიხატებოდეს ქონების ღირებულების შემცირებაში.

6. მორატორიუმის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ განმცხადებელი კრედიტორი ან სხვა მესამე პირია, სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ზეპირი მოსმენა. უზრუნველყოფის საგნიდან უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება ამ კანონის 105-ე მუხლის შესაბამისად, რა შემთხვევაშიც უქმდება ამ კანონის 55-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიების მოქმედება.

7. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგო სხვა მოქმედება, რომელიც არ გულისხმობს გარიგების დადებას, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თავი VI

გადახდისუუნარობის მა