1. კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება გააჩნია, უფლებამოსილია, განახორციელოს ეს უფლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლების განხორციელება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისათვის აუცილებელი პირობა.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი, ან მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
3. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა არ დაიშვება, თუ:
ა) კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა შეტანილი კრედიტორთა რეესტრში;
ბ) კრედიტორის ვალდებულება მოვალის მიმართ წარმოიშვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში და კრედიტორმა ვალდებულება იკისრა მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით;
გ) მოთხოვნა კრედიტორმა შეიძინა სხვა კრედიტორისაგან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში, ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ;
დ) კრედიტორის მოთხოვნა წარმოშობილია ისეთი ქმედების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება შეცილებას ამ კანონის VIII თავის შესაბამისად.
4. მოთხოვნათა გაქვითვის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარო იყო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული გაქვითვა ექვემდებარება შეცილებას ამ კანონის VIII თავის შესაბამისად.
რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახს