1. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მთელ ქონებას, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის, ასევე, ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა და ნებართვებს, აგრეთვე ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

2. პირობადებული საკუთრების ობიექტი და ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს, არ შედის გადახდისუუნარობის მასაში. აღნიშნული ქონება, მმართველის/ზედამხედველის გადაწყვეტილებით, შეიძლება დარჩეს მოვალის მფლობელობასა და სარგებლობაში, თუ ეს აუცილებელია რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ მესაკუთრის ან ლიზინგის გამცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ან სხვა ნებისმიერი ქონებით.

3. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში, მმართველი/ზედამხედველი მიმართავს სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების/დადასტურების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მოვალის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

4. გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება აღსრულება