1. შემთხვევის მმართველი ბენეფიციარს ფსიქოლოგთან გადაამისამართებს გადაუდებელი საჭიროების, მისი მოთხოვნისა და შეფასების პროცესში გამოკვეთილი გარემოებების საფუძველზე.
2. ფსიქოლოგი ვალდებულია, გადამისამართებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემთხვევის მმართველს მიაწოდოს ბენეფიციარის ფსიქოლოგიური მდგომარეობის პირველადი შეფასება, რაც აისახება „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმაში“ (დანართი №21). თუ შეფასების დასრულება ვერ ხერხდება დადგენილ ვადაში, „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმაში“ ფსიქოლოგმა უნდა მიუთითოს პირველი შეხვედრის თარიღი, ხოლო მიზეზები განმარტოს შენიშვნის სახით. „ფსიქოლოგის პირველადი შეფასების ფორმას“ ფსიქოლოგი ადასტურებს ხელმოწერით.
3. თუ პროგრამის ფსიქოლოგის მიერ პირველადი შეფასების შემდგომ გამოკვეთილი საჭიროება სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, ფსიქოლოგი ვალდებულია, დაეხმაროს შემთხვევის მმართველს ბენეფიციარის შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში გადამისამართებაში.
4. ფსიქოლოგის პირველადი შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე, ასევე, ბენეფიციარის თანხმობის შემთხვევაში, ფსიქოლოგი აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას. შესრულებული სამუშაო და დაგეგმილი ღონისძიებები ყოველთვიურად უნდა აისახოს „ფსიქოლოგის მონიტორინგის ფორმაში“ (დანართი №22).
5. შემთხვევაზე მუშაობის პროცესში ფსიქოლოგი და შემთხვევის მმართველი ვალდებულნი არიან, გაცვალონ ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროცესის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ და ერთობლივად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები.
6. ფსიქოლოგი უფლებამოსილია, შესაბამისი საფუძვლით დახუროს შემთხვევა, რომელსაც ახორციელებს „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმის“ (დანართი №23) მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დასრულდა სამუშაო პროცესი;
ბ) ბენეფიციარი რეგულარულად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, რითაც აფერხებს სამუშაო პროცესს და მიღებული აქვს 3 სიტყვიერი გაფრთხილება;
გ) სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში ბენეფიციარს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა;
დ) ბენეფიციარის საჭიროებების დაკმაყოფილება სცილდება დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს ფსიქოლოგის კომპეტენციას/უფლებამოსილებას;
ე) ბენეფიციარს არ აქვს სურვილი, განაგრძოს ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა.
7. „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმაში“ (დანართი №23) ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბენეფიციარის პირველადი ჩივილები;
ბ) ჩატარებული სამუშაო;
გ) შეხვედრების რაოდენობა;
დ) ამჟამინდელი მდგომარეობა;
ე) რეკომენდაციები.
8. „ფსიქოლოგის მიერ შემთხვევის დახურვის ფორმას“ ფსიქოლოგი ადასტურებს ხელმოწერით და უგზავნის შემთხვევის მმართველ