1. ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობის დარღვევისას, მათ შორის კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისას, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატს დააკისროს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

2. კომისია უფლებამოსილია, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან /და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა. დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე.

4. ლიცენზიის შეჩერების პერიოდში ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი მომსახურების გაწევა, მათ შორის, სისტემით მოსარგებლეებისა და ბაზრის მონაწილეებისათვის. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს ლიცენზიატის მიერ წყალმომარაგების/წყალარინების, ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემების ან ამ წესებით გათვალისწინებული სხვა მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

5. კომისია უფლებამოსილია, გააუქმოს ლიცენზია ლიცენზიატის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის, ამ წესების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის, აგრეთვე, თუ არსებობს ლიცენზიატის მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ან ლიცენზიის გაუქმება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

6. ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ლიცენზიატმა სალიცენზიო მოწმობის დედანი უნდა დაუბრუნოს კომისიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

8. ლიცენზიის გაუქმების საკითხის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს წყალმომარაგების, გადაცემის, განაწილებისა და ბაზრის ოპერირების საქმიანობის უწყვეტობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

9. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატი კომისიას მიმართავს ლიცენზიის გაუქმების, აგრეთვე, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სალიცენზიო საქმიანობისა და ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნით და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთვევაში შეიძლება საფრთხე შეექმნას მომხმარებლებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებასა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგებას, კომისია უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე.

10. თუ ლიცენზიის გაუქმებამ ან შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიატისთვის კომისიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სალიცენზიო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიატის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

12. თუ სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კომისია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, კომისია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღება