1. რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების (შემდგომში – შეფასება) განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას და დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. ამ წესით განსაზღვრული შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვას, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ სრულყოფილ ან/და შუალედურ შეფასებას ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად (შემდგომში – რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით შეფასება) და ამავე კანონის 3711 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ შეფასებას, ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელების (შემდგომში – აქციონერები) ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით (შემდგომში – სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასება).

3. დამოუკიდებელი შემფასებლისათვის ამ წესით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლითა და  ამავე კანონის 3711 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ შემფასებელზე.

4. ამ წესით განსაზღვრული შეფასების წესები, პროცედურები და მეთოდოლოგია გამოიყენება ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ეკონომიკური ღირებულების რეზოლუციის მიზნებისთვის განსაზღვრისთვის და არ ცვლის ან/და ანაცვლებს ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებსა და სტანდარტებს და პრუდენციულ საზედამხედველო შეფასებას. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

5. რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება ეფუძნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS 2017), ამასთანავე, რეზოლუციის მიზნების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რეზოლუციის რეჟიმის თავისებურებები ამ წესის შესაბამისად. თუ ეს წესი არ აწესრიგებს შეფასებასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და დამოუკიდებელი შემფასებელი ხელმძღვანელობენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით და ევროპის საბანკო უწყების (EBA) მიერ რეზოლუციის მიზნებისათვის შემუშავებული შეფასების სახელმძღვანელოში განსაზღვრული პრინციპებით.

6. ამ წესით განსაზღვრული შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით (IVS 2017) განსაზღვრულ დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდოლოგიას. ამასთან, შემფასებელი არ არის შეზღუდული შეარჩიოს და გამოიყენოს საბაზრო მონაცემებზე დაფუძნებული, კორექტირებული სააღრიცხვო ღირებულების ან/და სხვა შესაბამისი შეფასების მეთოდოლოგია, თუ მათი გამოყენება უზრუნველყოფს ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ეკონომიკური ღირებულების დადგენას, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების დეტალური სახელმძღვანელო, რომლითაც, მათ შორის, შესაძლოა განისაზღვროს გრანულარულ შეფასებასთან, სააქციო ღირებულების შეფასებასთან, დერივატივების შეფასებასთან და სხვა, შეფასებასთან დაკავშირებული დეტალური საკითხებ