1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით  შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ბანკის აქტივებსა და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად აღრიცხვას, რომლის მიზანია ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, იმავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის ინფორმირებულად დადგენა.

2. აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და რეალისტურ დაშვებებს. მისი მიზანია განისაზღვროს, აღემატება თუ არა ბანკის აქტივების ერთობლივი ღირებულება (განურჩევლად მათი ვადიანობისა) მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს (გადახდისუუნარობა ბალანსის მიხედვით) და შედეგად, შეფასდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების შეფასება შესაძლოა წარმოადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ ცალკე შეფასების საგანს და სცდებოდეს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების დამოუკიდებელი შემფასებლის კომპეტენციას.

3. სამართლიანი და რეალისტური დაშვებების გამოყენების მოთხოვნა მოიცავს შემფასებლის შესაძლებლობას გადაუხვიოს იმ დაშვებებს, მონაცემებსა და მეთოდოლოგიას, რომლებსაც ბანკი დაეყრდნო ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას და პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისას, თუ მსგავსი გადახვევა ეფუძნება შემფასებლის დამოუკიდებელ ექსპერტულ პოზიციას და შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან.

4. შემფასებელმა უნდა განსაზღვროს შეფასების რელევანტური მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლოა ეყრდნობოდეს ბანკის შიდა მოდელებს, თუ შემფასებელი მათ შესაფერისად ჩათვლის ბანკის რისკების მართვის ჩარჩოს, მონაცემთა ხარისხისა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით. შეფასების შედეგები წარმოდგენილი უნდა იყოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. აღრიცხვის მიზნებისათვის, შეფასების ბაზისად გამოყენებული უნდა იყოს სააღრიცხვო ღირებულება. ბანკი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს განახლებული ფინანსური ანგარიშგებისა და დაკავშირებული ინფორმაციის შემფასებლისათვის წარდგენა. დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას შეფასებისას ბანკის მიერ გამოყენებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის, გამოყენებული მონაცემების (მათ შორის, კონსოლიდირებული) შესახებ და არაკონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განახლებული ფინანსური ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საზედამხედველო ანგარიშგების ფორმების სახით. თუ აღნიშნული ანგარიშგება  არ მოიცავს ამ მუხლით განსაზღვრული აღრიცხვის მიზნებისათვის საჭირო ყველა მონაცემს, აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით ცალკე დოკუმენტის სახით.

7. თუ განახლებული ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა გართულებულია დროის მოკლე პერიოდთან ან/და პოტენციური სტრესის მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო,  განახლებული ინფორმაციის წარმოდგენისას უპირატესობა ენიჭება ისეთ აქტივებსა და ვალდებულებებს, რომელთაც ახასიათებთ ფინანსური პოზიციის ცვალებადობის (შეფასებისა და ფასწარმოქმნის გამო) მაღალი ხარისხი, ხოლო შედარებით სტაბილური ელემენტებისთვის, როგორიცაა, სასესხო პორტფელის ნაწილი და დეპოზიტები, თუ ადგილი არ აქვს ამ უკანასკნელის  ბანკიდან მნიშვნელოვან გადინებას, დასაშვებია საკმარისად ჩაითვალოს უკანასკნელი ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია. ინფორმაციის განახლებას საჭიროებს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ელემენტები. ამასთან, შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს მონაცემების სწრაფად განახლებასა და მათ ხარისხს შორის შესაძლო კორელაცი