1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი, მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები შუალედური შეფასების საფუძველზე, თუ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება შეუძლებელია შესაბამის გარემოებათა გამო, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას საფრთხე ემუქრება. შუალედური შეფასება, შესაძლებლობისამებრ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ეფუძნებოდეს სამართლიან, გონივრულ და რეალისტურ დაშვებებს;
ბ) ეფუძნებოდეს ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციას, განახლებულ ბალანსსა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებებს, აქტივების საანგარიშგებო (სააღრიცხვო) ღირებულების ანალიზს, საბალანსო და ბალანსგარეშე ვალდებულებების ჩამონათვალს;
გ) მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული წარმოადგენს საპროგნოზო შეფასებას, შუალედური შეფასების განხორციელების მომენტისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში;
დ) თუ შუალედური შეფასება ხორციელდება სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად, შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი დანაკარგების რეზერვი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად. დამატებითი დანაკარგების რეზერვის გათვალისწინება გულისხმობს იმ შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების, მათ შორის, რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული სხვადასხვა სცენარის, გათვალისწინებას, რომლებიც მიუთითებენ იმ შესაძლო დამატებითი დანაკარგების არსებობაზე, რომელთა მოცულობის ზუსტად განსაზღვრა მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია. დამატებითი დანაკარგების რეზერვის გათვალისწინება ხორციელდება შემდეგი წესით:
დ.ა) შემფასებელი უფლებამოსილია აქტივების ნაწილთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული დანაკარგები, გაითვალისწინოს ბალანსში ასახული სხვა მსგავსი ტიპის აქტივებისთვისაც. რეზერვი გაითვალისწინება კონკრეტული აქტივების კლასის ან მთლიანი აქტივების მოცულობისთვის და გამოისახება შესაბამისი აქტივთა კლასის ან მთლიანი აქტივების პროცენტული მაჩვენებლის სახით;
დ.ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რეზერვის განსაზღვრისთვის გამოიყენება ზომითა და კომპლექსურობით მსგავსი ფინანსური ინსტიტუტების საშუალო დამატებითი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც კორექტირებული უნდა იყოს ბანკის ბიზნეს მოდელისა და ფინანსური სტრუქტურის თავისებურებების გათვალისწინებით;
დ.გ) კონკრეტული ფაქტორის ორმაგად გათვალისწინების თავიდან ასარიდებლად, აქტივთა კონკრეტული კლასის დონეზე გათვალისწინებული ფაქტორი, აღარ უნდა აისახოს მთლიანი აქტივების დონეზე რეზერვის გაანგარიშებისას.
2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებლობისთანავე უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება, რომლის მიზანია აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი დანაკარგის/ზარალის სრულად იდენტიფიცირება. აღნიშნული შეფასების შედეგები, ზუსტ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და შეფასებისათვის დათმობილი მეტი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს შუალედური შეფასების შედეგებისაგან და ითვალისწინებდეს განსხვავებულ მეთოდოლოგიას. ასეთ შემთხვევაში, შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებისა და შედეგებში განსხვავების დასაბუთება