1. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე დივიდენდის განაწილების შესახებ წინადადებას, რომელსაც წარუდგენს პარტნიორებს. ხელმძღვანელი ორგანო პარტნიორებზე წლიური დივიდენდის განაწილების წინადადებას ამზადებს ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია, პარტნიორებზე დივიდენდის განაწილების წინადადებასთან ერთად, პარტნიორებს წარუდგინოს განცხადება გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან შემდგომი კალენდარული წლის განმავლობაში, სამეწარმეო საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში.

2. პარტნიორები იღებენ ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების შესაბამის ან მისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას პარტნიორებზე დივიდენდის განაწილების შესახებ. დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დივიდენდის განაწილების თარიღი.

3. დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა პირს, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

4. დივიდენდის განაწილება უნდა განხორციელდეს პარტნიორებზე დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვეს. თუ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებაში თარიღი არ არის მითითებული, განაწილების თარიღად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი. დივიდენდი, მის განაწილებამდე, წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას.

5. განთავსებული კაპიტალის შემცირების შემთხვევაში, დაუშვებელია განთავსებული კაპიტალის გამოთავისუფლებული ოდენობით დივიდენდის განაწილება განთავსებული კაპიტალის შემცირების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, გამოიყენება ამ კანონის 171-ე მუხლის დებულებები.

6. დაუშვებელია პარტნიორებზე დივიდენდის განაწილება, თუ მის შედეგად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მაღალი ალბათობით ვერ შეძლებს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას ჩვეულებრივი ან დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში. დაუშვებელია დივიდენდის იმგვარი განაწილება, რომლის შედეგადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივი ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. ასევე, დაუშვებელია რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით.

7. პარტნიორს, ან მასთან დაკავშირებულ პირს, შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან (მათ შორის, იყოს ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მიიღოს მისგან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაური), თუ ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებით დადგენილი საზღაური არსებითად შეესაბამება დამოუკიდებელ პირებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებს.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პარტნიორი ვალდებულია, უკან დააბრუნოს მიღებული დივიდენდი ან საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მან არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა დივიდენდის განაწილების ან დივიდენდის/საზღაურის მიღების დაუშვებლობის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, ხელმძღვანელი პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზ