1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.
2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით.
3. მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არა უგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების/პირობებისა და პროცედურების შესახებ.
4. აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არა უგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი ადგენს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ყველა რეგისტრირებული მესაკუთრის სიას, მათი ვინაობის, მისამართის და მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა რაოდენობის მითითებით (გამოსყიდვის რეესტრს) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარმოდგენის საფუძველზე ყველა აქციას გადააფორმებს მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.