1. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივსა და ხელმძღვანელ პირს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება, რომელზეც არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები. იგივე წესი გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელი პირების მიმართ, თუ ხელმძღვანელად ინიშნება მოწვეული პირი და არა - პარტნიორები.

2. ხელმძღვანელ პირთან სასამსახურო ხელშეკრულებას სამეწარმეო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან პარტნიორთა კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეული იყო კრებაზე, სადაც პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

3. სასამსახურო ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს შრომის ანაზღაურების ოდენობა, ფორმა, პერიოდულობა, სამსახურებრივი პრივილეგიები, რომელთაც ხელმძღვანელი პირი მიიღებს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ასევე უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც იმოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. თუ ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ ხელმძღვანელი თავის საქმიანობას ახორციელებს უსასყიდლოდ.

4. თუ სასამსახურო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს მოშალოს სასამსახურო ხელშეკრულება და ამით უარი თქვას თანამდებობაზე, თუ ამის შესახებ სულ ცოტა ერთი თვით ადრე წერილობით შეატყობინებს სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელ ორგანოს ან პარტნიორთა კრებას, რომლის მოწვევის ვალდებულებაც მას ეკისრება.

5. ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მხრიდან მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ