1. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი მოიცავს ბაზრის სტრუქტურის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც სააგენტო იკვლევს:
ა) ბაზარზე შესვლის, გაფართოების და ბაზრიდან გასვლის ბარიერების არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს;
ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს;
გ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები;
დ) შესაბამის ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები.
2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ:
ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კადრები და ტექნოლოგიები აღნიშნული საქონლის დასამზადებლად, მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ (არ) იყენებენ ამ შესაძლებლობებს;
ბ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ამზადებენ ან/და აწვდიან შესაბამის საქონელს ან გასწევენ მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის რეალიზაციას/მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე;
გ) ახალი ეკონომიკური აგენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლების გამოყენებისას სააგენტო შეისწავლის ბაზარზე არსებული ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობას.
4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:
ა) თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;
ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა;
გ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის დანაკარგები, მათ შორის აუნაზღაურებელი ინვესტიციები;
დ) რესურსებზე წვდომისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები;
ე) სატრანსპორტო შეზღუდვები;
ვ) მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად;
ზ) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების უპირატესობა ბაზრის პოტენციურ მონაწილესთან/ მონაწილეებთან შედარებით ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯებით, მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით;
თ) ფინანსურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები.
5. ინსტიტუციონალური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება:
ა) ეკონომიკურ აგენტთა რეგისტრაციის სირთულე;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება პროდუქტის ექსპორტის/იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით;
გ) შესაბამის სასაქონლო/მომსახურების ბაზარს მიკუთვნებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;
დ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი;
ე) ინსტიტუციონალური ხასიათის სხვა ბარიერებ