მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის და სხვა სახის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით, კერძოდ, ისეთ ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ ან სხვა სახის ქმედებებთან მიმართებაში, როგორიცაა:
(a)
საზღვარზე ადამიანთა უკანონო გადაყვანა და ტრეფიკინგი, ასევე მცირე შეიარაღებითა და ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა;
(b)
კონტრაბანდა და საქონლით უკანონო ვაჭრობა;
(c)
უკანონო ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა, როგორიცაა გაყალბება, ფისკალური თაღლითობა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში თაღლითობა;
(d)
საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების თანხების გაფლანგვა;
(e)
აქტიური და პასიური კორუფცია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში;
(f)
დოკუმენტების გაყალბება, ყალბი ამონაწერების წარდგენა; და
(g)
კიბერდანაშაული.
მხარეები გააძლიერებენ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს შორის. აღნიშნული მოიცავს, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (ინტერპოლსა) და სხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. მხარეები აქტიურად გამოიყენებენ მეკავშირე ოფიცრების/პოლიციის ან უსაფრთხოების ატაშეების არხებს სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, და განსაკუთრებით ის სტანდარტები, რომლებიც განმტკიცებულია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის კონვენციასა (UNTOC) და მის შესაბამის ოქმებში, ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის კონვენციაშ