1.
დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და განსაზღვრულია 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და 1990 წლის პარიზის ქარტიით ახალი ევროპისთვის, წარმოადგენს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი და საგარეო პოლიტიკის საფუძველს და წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს. მასობრივი განადგურების იარაღის, ასეთ იარაღთან დაკავშირებული მასალებისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ასევე წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს.
2.
მხარეები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ მათ ერთგულებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპებისადმი.
3.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ასევე მათი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, განსაკუთრებით გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში. კერძოდ, ისინი თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების პატივისცემას.
4.
მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას და სხვადასხვა ფორმის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას, ეფექტიან მრავალმხრივ თანამშრომლობას და იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ. ეს ვალდებულება წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ძირითად ფაქტორს და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
კარი II
პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფერო