1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის და დადებითი შეფასების შემდეგ, სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია) ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სამსახურები), ინფრასტრუქტურის, ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებასა და შეფასებას, იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული შემოწმება ხორციელდება წინასწარ შედგენილი კითხვარებით (დანართი №5) და შედეგი ფორმდება შესაბამისი დასკვნების სახით (დანართი №6), რომელიც ეცნობება განმცხადებელს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილზე შემოწმებისა და შეფასების პროცედურა ითვალისწინებს:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საერთო მონაცემების ადგილზე შეფასებას;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შემოწმებას, რა დროსაც ფასდება:
ბ.ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ფიზიკური მახასიათებლები და მდგომარეობა, კერძოდ:
ბ.ა.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლ(ებ)ი (შემდგომში – ადზ) და მოედნები (FATO/TLOF);
ბ.ა.ბ) უსაფრთხოების გვერდითა ზოლები;
ბ.ა.გ) საფრენი ზოლები;
ბ.ა.დ) ადზ-ის უსაფრთხოების ბოლო არეები (RESA);
ბ.ა.ე) დამუხრუჭების ზოლები და დაბრკოლებისაგან თავისუფალი ზოლები;
ბ.ა.ვ) სამიმოსვლო ბილიკები (შემდგომში – სბ);
ბ.ა.ზ) სბ-ის ზოლები;
ბ.ა.თ) ბაქნები (მათზე განლაგებული საჰაერო ხომალდების სადგომები, სპეც. ავტოტრასპორტის სამიმოსვლო გზები, EPA, ESA)
გ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეები და ამ არეებში დაბრკოლებების არსებობის შეფასება;
დ) მიწისზედა შუქ-ტექნიკური საშუალებების შემოწმებას, მათი საფრენოსნო შემოწმების ჩათვლით, კერძოდ:
დ.ა) ადზ-ისა და სბ-ის შუქების სისტემას;
დ.ბ) მიახლოების შუქებს;
დ.გ) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემებს (PAPI/APAPI ან HAPI);
დ.დ) ბაქნის საპროჟექტორო განათებას;
დ.ე) დაბრკოლებათა ნიშანდებას;
დ.ვ) შუქებს, რომლებსაც საჰაერო ხომალდის პილოტი მართავს (თუ ასეთი გამოიყენება);
ე) ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების სისტემას;
ვ) კვების სათადარიგო წყაროს შეფასებას;
ზ) ქარის მიმართულების მაჩვენებელის და მისი განათების შეფასებას;
თ) მარკირებისა და მონიშვნის შეფასებას;
ი) სამიმოსვლო არეზე ნიშნების შეფასებას;
კ) დამიწების წერტილების შეფასებას;
ლ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებისა და მოწყობილობების შეფასებას;
მ) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური მომსახურებისათვის გამოყენებული დანადგარების შეფასებას, კერძოდ, აეროდრომის საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, ადზ-ის ზედაპირის შეჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრის ჩათვლით;
ნ) ხელოვნური საფარის დამსუფთავებელ, მათ შორის, თოვლის მოცილების დანადგარების შეფასებას;
ო) მოძრაობისუნარდაკარგული საჰაერო ხომალდების გასატანი საშუალებების შეფასებას;
პ) ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირების საშუალებებისა და პროცედურების შეფასებას;
ჟ) სატრანსპორტო საშუალებებზე დაყენებული ორმხრივი რადიოკავშირის საშუალებების შეფასებას;
რ) ნებისმიერი არასააერნაოსნო სანათის არსებობის შეფასებას, რომელიც საფრთხეს უქმნის (შეიძლება შეუქმნას) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენას;
ს) საწვავ-გასამართი საშუალებების შეფასებას;
ტ) მგზავრთა მომსახურების საკითხების შეფასებას;
უ) ურთიერთკოორდინაციის შეფასებას, აეროდრომზე/ვერტოდრომზე დამოუკიდებლად მოქმედ საწარმოებთან/უწყებებთან;
ფ) აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის დაცვის საშუალებების და პერიმეტრზე არსებული საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი საშუალებებისა და ზომების შემოწმებას;
ქ) აეროდრომის ტერიტორიაზე განსაზღვრული კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების და ამ ზონების დაცვის მეთოდების შეფასებას, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონებში დაშვებისთვის საჭირო ზომების შეფასებას. მათ შორის, საკონტროლო გამშვები პუნქტების, ბარგის შემოწმებისა და დახარისხების, მგზავრთა შემოწმების, ბარგის დამუშავების და განთავსების მიზნით გამოყოფილი ზონების და სხვა ზონების შეფასებას, ამ ზონებში საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დანერგილი ზომების ჩათვლით;
ღ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების, მათი რაოდენობის, ტიპების, განლაგების შეფასებას;
ყ) საავიაციო უშიშროების სფეროში პერსონალის მომზადების, ანკეტური მონაცემების შემოწმების შესრულებას;
შ) აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად დანერგილი საავიაციო უშიშროების ზომების შეფასებას;
ჩ) კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და კიბერსაფრთხეებისაგან საკომუნიკაციო სისტემების დაცვის უზრუნველყოფის შეფასებას;
ც) აეროდორმის/ ვერტოდრომის საავარიო ოპერტიული ცენტრის შეფასებას;
ძ) სპეციალური იზოლირებული სადგომის შეფასებას;
წ) ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით გამოყოფილი სპეციალური ზონის შეფასებას;
ჭ) საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის მოსასვენებელი ოთახებისა და საგუშაგოების, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის განლაგებისა და აღჭურვის შემოწმებას;
ხ) აეროდრომის/ვერტოდრომის არაკონტროლირებადი ზონ(ებ)ის (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომები) შეფასებას;
ჯ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად მოწყობილი სხვა სივრცეების, მოწყობილობებისა და საშუალებების შემოწმებას.
3. საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისათვის აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების გამართულობის, აეროდრომის/ვერტოდრომის გამართული ფუნქციონირების საექსპლუატაციო პროცედურებით უზრუნველყოფისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალითა და მათი საჭირო რაოდენობით დაკომპლექტების დასადასტურებლად, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს აეროდრომის/ვერტოდრომის რაიონში საჰაერო ხომალდის შესვლისა და გამოსვლის, დაშვებისა და დაჯდომის საკონტროლო ფრენები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფრენები ხორციელდება:
ა) სერტიფიკატის პირველად გაცემისას;
ბ) კომისიის გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებისას, თუ მოქმედების ვადის შეჩერება უშუალოდ იყო დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებასთან;
გ) სააგენტოს გადაწყვეტილებით.
5. საკონტროლო ფრენ(ებ)ის განხორციელებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.
6. სააგენტო, სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის პერსონალს გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების განხორციელება, ხოლო საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პერსონალს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა უზრუნველყოს საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელება;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის სამსახურები, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ მოთხოვნებს;
გ) აეროდრომის/ვერტოდრომის საექსპლუატაციო პროცედურები უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენასა და ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილებას;
დ) აეროდრომზე/ვერტოდრომზე მოქმედებს მართვის სისტემები;
ე) აეროდრომზე/ ვერტოდრომზე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ამ წესისა და საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისია ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს მას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კომისიის დადებითი დასკვნის მისაღებად.
8. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების შემდეგ, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას, კომისიას გამოაქვს სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი დასკვნ