ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოიწყოს და ჩაატაროს კვლევა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ნებისმიერი საჭირო და პროპორციული ზომა კონკურენციის წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრის გამართული ფუნქციონირებისთვის;

ბ) დასკვნის წარმოდგენის ან/და კონსულტაციების მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები ან/და ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები;

გ) განმცხადებლის მიერ ბაზრის კვლევის განცხადებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც გააგრძელოს ბაზრის კვლევა/განცხადების პირველადი შესწავლა, თუ არსებობს გონივრული ეჭვი კონკურენციის კანონმდებლობის ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით;

დ) განახორციელოს საწარმოებისა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეების ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე;

ე) მოითხოვოს საწარმოებისგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეებისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან ნებისმიერი ინფორმაცია და ნებისმიერი ფორმით ჰქონდეს წვდომა შესაბამის დოკუმენტაციაზე, ასევე, მიიღოს მათი ასლები;

ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია;

ზ) საწარმოსგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილისგან და სხვა შესაბამისი პირისგან მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ამ საწარმოსგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილისგან ან სხვა შესაბამისი პირისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;

თ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საწარმოს, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს ან/და ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებულ პირებს მოსთხოვოს ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემა;

ი) მიმართოს სხვა სახელმწიფო ორგანოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილის საქმიანობის შემოწმების წინადადებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;

კ) მოსთხოვოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს ბაზარზე ისეთი ქმედებების განხორციელების შეწყვეტა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ საწარმოს დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;

მ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;

ნ) მოსთხოვოს კონცენტრაციაში მონაწილეს კონცენტრაციის გაუქმება, შერწყმის გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით ისე, რომ აღდგეს კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა;

ო) მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად დასაბრუნებლად, თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია;

პ) კონცენტრაციაში მონაწილეს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილის მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა;

ჟ) მოსთხოვოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს სატელეფონო და მონაცემთა მიმოცვლის (data traffic) ჩანაწერები;

რ) ამ წესების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობ