1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირების მიზანია-აუცილებლად საჭირო სახსრებით იმ მეწარმე სუბიექტის უზრუნველყოფა, რომელსაც აღებული აქვს შესაბამისი ვალდებულება ადგილობრივი მუნიციპალური მარშრუტების სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურებაზე.
2. ფინანსირების ამოცანებია:
ა) ფინანსური რესურსების გადაცემის პირობების განსაზღვრა (ოდენობა, ვადები, ავანსირება და სხვა);
ბ) დროული და გარანტირებული ფინანსირების მექანიზმის ჩამოყალიბება;
გ) მიმდინარე ფინანსირებისა და პერსპექტიული განვითარებისათვის აუცილებლად საჭირო რესურსების გამონახვა;
დ) ფინანსური რესურსების განაწილება გადამზიდავებსა და მათ უზრუნველმყოფელ სხვა მეწარმეთა შორის;
ე) კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის დასაფინანსებლად მიმართული საბიუჯეტო და სპეციალური არასაბიუჯეტო ფონდების გახარჯვის წესის დადგენა;
ვ) ფინანსური რესურსების ხარჯვის შესაბამისობის კონტროლის ორგანიზება და განხორციელება.
3. თუ კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირებას განახორციელებს დამკვეთი, ფინანსირების ფორმები და პრეტენზიების განხილვის წესი ყალიბდება დამკვეთსა და გადამზიდავს შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით.
4. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირება ხორციელდება გადამზიდავისათვის აუცილებლად საჭირო ფინანსური რესურსების გარანტირებული უზრუნველყოფის პირობით. გადამზიდავის მიერ შესრულებული სამუშაოს ფინანსირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი განხორციელების მექანიზმით. გადაზიდვების დამკვეთსა და გადამზიდავს შორის ხელშეკრულებებში დაუსაბუთებელი შეზღუდვები გადაზიდვების ფინანსირებაში არ განიხილება.
5. დამკვეთის მხრივ ფინანსური გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, გადამზიდავს უნდა შეეძლოს შეკვეცოს სატრანსპორტო საქმიანობა (მომსახურება) ფინანსირების ფაქტობრივი ოდენობის შესაბამისად.
6. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით გადაზიდვების ფინანსირების მექანიზმი წარმოადგენს საშუალებებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვებისათვის მიმართულ სახსრებს, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის სამგზავრო დოკუმენტების რეალიზაციიდან ამონაგებისა და კომუნალურ მიწისზედა ტრანსპორტზე გადამზიდავთათვის დადგენილი მიზნობრივი გადასახდელისაგან;
ბ) მიზნობრივი გადასახდელის ოდენობის დადგენა გადაზიდვების დამკვეთსა და გადამზიდავს შორის ხდება ხელშეკრულებით. გადასახდელების ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს გადამზიდავის ხარჯების კომპენსაციას და მისი რენტაბელობის ისეთ დონეს, რომელიც საჭიროა წარმოების განვითარების ფონდების შესაქმნელად, საწარმოო საშუალებათა მარტივი კვლავწარმოებისათვის მაინც.
7. საბიუჯეტო მიზნობრივ გადასახდელებს განეკუთვნება:
ა) კომპენსაცია მგზავრობის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდისაგან კანონით განთავისუფლებული პირების მომსახურებისათვის;
ბ) ქვეყნის მთავრობის მიერ ბიუჯეტით განსაზღვრული ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური დაბანდებანი: მოძრავი შემადგენლობის შეძენა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და გადაზიდვების მართვის სისტემების განვითარება, არასაწარმოო მშენებლობა, საინვესტიციო კრედიტები წარმოების განვითარების თუ ავტობუსების, ტროლეიბუსების და ტრამვაის ვაგონების შესაძენად, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისათვის და სხვა;
გ) კომერციულად არარენტაბელური მგზავრობის ტარიფების გამოყენებით, გადამზიდავის მიერ მიღებული გადაზიდვის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები შემოსავლის აღსადგენად საჭირო თანხა;
დ) სახელმწიფო სატრანსპორტო პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, ადგილობრივი ტრანსპორტის ტექნიკური გადაიარაღების, მისი განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებისკენ მიმართული სახსრები (სუბვენციები).
7. ადგილობრივ მიზნობრივ გადასახდელებს განეკუთვნება ფინანსური კომპენსაციები კომერციულად არარენტაბელური ტარიფების დაწესებით მიყენებული ზარალის დასაფარავად.
8. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებანი სახელმწიფო ბიუჯეტსა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს, აგრეთვე გადაზიდვების დამკვეთსა და გადამზიდავს შორის, წარმოებს ფინანსირების შესაბამისი ფონდებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით