1. მიწისზედა სამგზავრო ადგილობრივ მარშრუტზე სამუშაოდ გადამზიდავისათვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება წესით, რომელსაც ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.
2. მიწისზედა სამგზავრო ადგილობრივ სამარშრუტო გადაზიდვებზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება: გადაზიდვების სახელმწიფო რეგულირების, სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის ნორმალური ფუნქციონირების, ამ მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პრინციპების რეალიზაციის, მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების და მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციისას წესების დაცვის მიზნით.
3. უფლებამოსილების მინიჭების ძირითადი პრინციპებია:
ა) მეწარმეთა თანასწორუფლებიანობა, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა;
ბ) მგზავრების უსაფრთხოება;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ეკოლოგიური უსაფრთხოება;
ე) გადამზიდავის მიერ მგზავრთა მომსახურების წესების და ნორმების მოთხოვნათა სათანადო დონეზე შესრულების პირობების უზრუნველყოფა.
4. უფლებამოსილება ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომელიც ადგენს პირობებს და გადამზიდავს აძლევს კონკრეტულ მარშრუტზე (მარშრუტებზე) გადაზიდვების განხორციელების უფლებას.
5. უფლებამოსილება გაიცემა ვადით, რომელსაც განსაზღვრავს დამკვეთი.
6. გადამზიდავის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
7. გადამზიდავის მარშრუტზე საქმიანობა სათანადო უფლებამოსილების გარეშე, განიხილება უხეშ დარღვევად და ისჯება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
8. უფლებამოსილება ენიჭება მეწარმე-გადამზიდავს, რომელსაც შესწევს უნარი უზრუნველყოს მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის მიმოსვლის სტაბილურობა, მგზავრთა გადაზიდვა იმ დადგენილი სტანდარტების, ნორმების და წესების მოთხოვნათა დაცვით, რომელნიც გამომდინარეობენ მოქმედი კანონმდებლობიდან და ამ წესებიდან; აქვს მიწისზედა სამგზავრო ადგილობრივ მარშრუტებზე მგზავრთა მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაძლებლობა დაიცვას სხვა კონკრეტული პირობები, რომელთაც აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.
9. დაუშვებელია მარშრუტის მომსახურება სათანადო უფლებამოსილების გარეშე, აგრეთვე უფლებამოსილი გადამზიდავის მიერ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამოყენება, რომელებიც არ არიან მის კანონიერ მფლობელობაში ან განკარგვაში.
10. გადამზიდავის მიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ან საკუთრების ფორმის შეცვლის შემთხვევაში, იგი ინარჩუნებს მარშრუტის მომსახურების უფლებამოსილებას და შესაბამისი ხელშეკრულება გადაფორმებას არ საჭიროებს.
11. მიწისზედა სამგზავრო ადგილობრივ მარშრუტზე მუშაობის უფლებამოსილების მისაღებად გადასახდელის ოდენობას და გადახდის წესს, კანონის საფუძველზე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო