1. მგზავრთა უფლებრივი სტატუსი:
ა) მგზავრი არის სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელი;
ბ) ყველა მგზავრი, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა, მოცემულ დასახლებულ პუნქტში მუდმივ თუ დროებით მაცხოვრებლობისა თუ სხვა ნიშნების მატარებელი, გარდა იმ მგზავრებისა, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული შეღავათები (მგზავრობის ღირებულების გადახდის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვ.), სარგებლობს თანაბარი უფლებით და გააჩნია თანაბარი მოვალეობა;
გ) კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე მგზავრის სტატუსი და შესაბამისი მომსახურების მოთხოვნის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბილეთი, მოწმობა, კოდირებული ჟეტონი, მაგნიტური ბარათი და ა.შ.);
დ) მომსახურება არ გაეწევა მგზავრს, რომელმაც დროულად ან სრულად არ გადაიხადა მგზავრობის თუ საკუთარი ბარგის გადაზიდვის ღირებულება და არც გააჩნია მგზავრობის უფლების მიმნიჭებელი კანონშესაბამისი სხვა დოკუმენტი.
2. მგზავრების კატეგორიებს, რომელთაც ეძლევათ უფასო მგზავრობის უფლება თუ სხვა შეღავათები, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს: საერთოს (ქვეყნის მასშტაბით) – საქართველოს მთავრობა; კონკრეტულს – ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ან სხვა სამართალსუბიექტი.
3. სამართალსუბიექტები, რომელნიც განსაზღვრავენ შეღავათებს, გადამზიდავს უზრუნველყოფენ შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. კომპენსაციათა ოდენობა განისაზღვრება და გადამზიდავებზე გაცემა ხორციელდება დადგენილი წესით.
4. მგზავრობის ღირებულებაზე დაწესებული შეღავათები არ ვრცელდება ამ მგზავრების მიერ გადატანილი ბარგის ღირებულებაზე.
5. კომუნალური მიწისზედა ადგილობრივი სამარშრუტო ტრანსპორტის მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეუფერხებლად ისარგებლოს ადგილობრივი ტრანსპორტის მომსახურებით;
ბ) მოითხოვოს გადამზიდავისგან მომსახურების დადგენილი წესების, სტანდარტებისა და ტარიფების დაცვა;
გ) დაწყებული მგზავრობის არა მისი მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე განაგრძოს მგზავრობა მოძრაობის აღდგენის შემდეგ;
დ) ისარგებლოს დადგენილი შეღავათებით;
ე) მოითხოვოს გადამზიდავისგან, ამ უკანასკნელის მიზეზით მასზე ან მის ბარგზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
ვ) სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე მიმართოს წინადადებით (საჩივრით) ადგილობრივ ორგანოებს ან გადამზიდავს.
6. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის მგზავრი მოვალეა:
ა) დაიცვას მგზავრობის დადგენილი წესები;
ბ) დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და ქცევის აღიარებული ნორმები;
გ) დროულად და სწორად გადაიხადოს მგზავრობის და მისი ბარგის გადატანის ღირებულება;
დ) აუნაზღაუროს გადამზიდავს და სხვა მგზავრებს მისი გაუფრთხილებლობით თუ წინასწარგანზრახვით მიყენებული ზარალი, კანონით დადგენილი წესით;
ე) მგზავრობის წესების დარღვევის შემთხვევაში გადაიხადოს დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გარეშე წარუდგინოს მაკონტროლირებელ პირს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) აღმოუჩინოს თანადგომა ტრანსპორტის მუშაკებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში