1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საწარმოთა ეკონომიკური საქმიანობა შესაძლოა ეფუძნებოდეს თვითდაფინანსებას, ნაწილობრივ ან სრულ დოტაციურ უზრუნველყოფას და უნდა წარიმართოს პრინციპით:
ა) გადამზიდავი, ასევე სხვა საწარმოები, რომელნიც უზრუნველყოფენ (განაპირობებენ) მის მუშაობას, ეკონომიკურ ანგარიშწარმოებას განახორციელებენ საერთო საწყისებზე და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ბ) გადამზიდავის მიერ მომსახურებიდან საანგარიშო პერიოდში მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: მგზავრების და მათი ბარგის გადაზიდვისათვის უშუალოდ მიღებული შემოსავლები და მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტისათვის სხვადასხვა ფონდებიდან გადაცემული დანამატები;
გ) გადმზიდავის მიერ მგზავრთა მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს განეკუთვნება მოხმარებული ფულადი თუ მატერიალურ საშუალებათა ღირებულება, რომლებიც დაკავშირებულია მარშრუტებზე რეისების დადგენილი ოდენობის შესრულებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა მომზადებასა და გადაზიდვების განხორციელებასთან. ხარჯების აღრიცხვის და მოწესრიგების მიზნით გადაზიდვების დაწყებამდე დგება ხარჯთა ნუსხა და ბიზნეს-გეგმა;
დ) მომსახურების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების სტრუქტურის და ფინანსური შედეგების ფორმირება ხდება მეთოდიკის შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებენ შესაბამისი ორგანოები კანონით დადგენილი წესით;
ე) ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონის და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
ვ) საწარმოთა კომერციული ან სხვა საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არ იქნება დაკავშირებული რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანასთან, დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ სავალდებულო სამგზავრო გადაზიდვების წარმოების პრიორიტეტული პრინციპის დაცვით. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგების ნაწილი, სამგზავრო გადაზიდვების შეუსრულებლობით განპირობებული ზარალის ოდენობით, გადაირიცხება კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის ფინანსირების ფონდში;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები უზრუნველყოფენ მეწარმე-გადამზიდავთა ეკონომიკურ სტაბილურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ასრულებენ მგზავრთა მომსახურების სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
2. საწარმოების, რომელთა ძირითად მოღვაწეობად ითვლება მუნიციპალური მარშრუტების მომსახურება, ფინანსური უუნარობის შემთხვევაში, გაკოტრების კანონი გამოყენებული და შემდგომი მუშაუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ საქართველოს ქონების მართვის შესაბამის ორგანოებთან ერთად