1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, თავის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციებთან დაკავშირებული ტრანსფერების განხორციელებას თავისუფლად და დაყოვნების გარეშე, თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ამგვარი ტრანსფერები მოიცავს, კერძოდ:
(a) საწყის კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციების მხარდაჭერის ან გაზრდის მიზნით;
(b) მოგებას, პროცენტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როიალტს, მოსაკრებელს ან ინვესტიციებიდან მიღებულ სხვა შემოსავლებს;
(c) კონტრაქტის საფუძველზე მიღებულ თანხებს, მათ შორის, ინვესტიციებთან დაკავშირებული სესხების დასაფარად გაწეულ გადახდებს;
(d) ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივი რეალიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად ამონაგებ თანხებს;
(e) უცხოელი პერსონალის გამომუშავებულ თანხას და ანაზღაურებას, რომლებიც მუშაობენ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან;
(f) მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად გადახდილ გადახდებს; და
(g) დავის შედეგად წარმოშობილ გადასახადებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ამგვარი ტრანსფერების დაუყონებლივ, თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში განხორციელებას, ტრანსფერის დღეს მოქმედი სავალუტო კურსით.
3. პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაყოვნოს ან ხელი შეუშალოს ტრანსფერს თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი გამოყენებით, რომლებიც ეხება:
(a) გადასახადების გადახდას;
(b) გაკოტრებას, გადახდისუუნარობას ან კრედიტორების უფლებების დაცვას;
(c) ფასიანი ქაღალდების, ვადიანი კონტრაქტების ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცემას, ვაჭრობას ან გარიგებას;
(d) სისხლის სამართლის დანაშაულს ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებებს;
(e) სავალუტო ან სხვა ფულადი ინსტრუმენტების გადარიცხვების ანგარიშგებას ან აღრიცხვას, როდესაც ეს აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების ან ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების დასახმარებლად; ან
(f) სასამართლო სამართალწარმოებისას ბრძანებების ან განჩინებების შესრულების უზრუნველყოფა