1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფი − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) ტერიტორიული დანაყოფების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც შექმნილია ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ასევე, შესაბამისი აკვატორიის სამაშველო ზონაში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საფრთხეში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დასაცავად;
ბ) ტერიტორიული დანაყოფი − დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფი და მის შემადგენლობაში შემავალი კოორდინაციის განყოფილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას;
გ) დეპარტამენტის დანაყოფი − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, გარდა ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალსწინებული სტრუქტურული ერთეულებისა;
დ) გათვლა – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილში განთავსებული შემადგენლობა (პირველადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;
ე) მორიგე ცვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელიც ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და რომელსაც შეუძლია მთავარი მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარება;
ვ) მორიგეობა – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში მორიგე ცვლის შემადგენლობა უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
ზ) ოპერატიული ვითარება – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონში არსებული ვითარების და პირობების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტაქტიკასა და წესზე, განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდებს და ამ მიზნით რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენების მიმართულებებს;
თ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონი (შემდგომ – გასვლის რაიონი) – ტერიტორია, რომელზეც რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის განრიგით გათვალისწინებულია შესაბამისი დანაყოფის პირველ რიგში გაგზავნა ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ი) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის განრიგი (შემდგომ - ჩაბმის განრიგი) – ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი დანაყოფების რეაგირების ძალებისა და საშუალებების ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებიში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის წესს;
კ) რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის გეგმა – ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესს;
ლ) რეაგირების ძალები და საშუალებები – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობა, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, კავშირის და მართვის საშუალებები, ცეცხლმაქრი ნივთიერებები და დანაყოფში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები;
მ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურები – საგანგებო სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისათვის მუდმივი მზადყოფნის სამსახურები (საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გაზის, წყალსადენის, კანალიზაციის საავარიო, ელექტროქსელების ტექნიკურ ინციდენტებზე რეაგირების სამსახურები და სხვ.);
ნ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა − ტექნიკური საშუალებები, მათ შორის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისი განვითარების შეზღუდვის და ლიკვიდაციის, აგრეთვე, ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ო) სახანძრო ავტომობილი − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ხანძარზე მიმართული მთავარი მოქმედებების განსახორციელებლად;
პ) საავარიო-სამაშველო ავტომობილი − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე გათვლის მისაყვანად და სპეციალური საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გადასატანად, აგრეთვე, საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება-ორგანიზებისათვის;
ჟ) ტექნიკური მომსახურება − პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სახანძრო და საავარიო-სამშველო ავტომობილების მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით;
რ) დახურული ავტოსადგომი − დანაყოფის შენობის ან სხვა შენობის სათავსი, რომელიც განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სადგომად ან/და მათ შესაკეთებლად;
ს) სახანძრო სახელო − შემაერთებელი თავაკებით მოწყობილი და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მოქნილი მილსადენი;
ტ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაცია − ტექნიკის აღრიცხვის, ტექნიკური მომსახურების, დანიშნულებისამებრ გამოყენების, შეკეთების და შენახვის მიზნით განხორციელებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა;
უ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მუშაუნარიანი მდგომარეობა − ტექნიკის მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური და მისი მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური დოკუმენტაცის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაზღვრული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას;
ფ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გაუმართაობა − ტექნიკის მუშაუნარიანობის დარღვევა, რომელიც იწვევს ხანძარზე მიმართული მოქმედებების ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შეწყვეტას ან მათი ეფექტიანობის მკვეთრ დაქვეითებას;
ქ) კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოები − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მოქმედებები, რომელთა მიზანია სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობა, საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება;
ღ) კვამლდამცველი − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე, რომელსაც სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება;
ყ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლი − ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე შექმნილი კვამლდამცველთა ჯგუფი;
შ) კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალება − შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობაში შემავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და კვამლდამცველთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ჩ) კვამლდამცველის აღჭურვილობა − კვამლდამცველის დამცავი ტანსაცმელი და სასუნთქი საშუალება;
ც) სასუნთქი საშუალება − სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტი (ჰაერის ბალონი, პანორამული ნიღაბი, სამაშველო მოწყობილობა და სხვ.), რომელიც უზრუნველყოფს სასუნთქი ორგანოების დაცვას გარემოს საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან და ადამიანის სუნთქვისათვის ვარგისი გაზის სასუნთქი ნარევით მიწოდებას;
ძ) სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობა − სასუნთქი საშუალების კომპლექტში შემავალი პანორამული ნიღბის დამატებითი კომპლექტი, რომელიც გამოიყენება სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში ადამიანის გადასარჩენად;
წ) სარეზერვო სასუნთქი საშუალება − სასუნთქი საშუალება, რომელიც არ არის გადაცემული კვამლდამცველზე და ინახება შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეზერვში;
ჭ) დამცავი ტანსაცმელი − მაიზოლირებელი ტიპის ან მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავი ტანსაცმელი;
ხ) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი − ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის (კვამლდამცველის) დაცვას საშიში ფაქტორების ზემოქმედებისგან;
ჯ) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი − ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს კვამლდამცველის კანის საფარის ჰერმეტულ იზოლირებას და იცავს მას ძლიერ მოქმედი შხამიანი ნივთიერებების, ჰაერგაზების ნარევის, ტუტეს, მჟავას წყალ-ხსნარების, რადიაქტიული დასხივების და სხვა მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისაგან;
ჰ) მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავი ტანსაცმელი − ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს კვამლდამცველის დაცვას ინტენსიური სითბური გამოსხივებისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან;
ჰ1) საკონტროლო-გამშვები პუნქტი − ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, საიდანაც ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლების მუშაობის ორგანიზება;
ჰ2) უსაფრთხოების საგუშაგო − სუნთქვისთვის არახელსაყრელი გარემოს შესასვლელთან გამოყოფილი ადგილი, საიდანაც ხორციელდება სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვება და მისი მუშაობის კონტროლი;
ჰ3) მიმართულების ბაგირი − საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლდამცველის გადაადგილების მიმართულების აღსანიშნად;
ჰ4) დასაწყვილებელი ბაგირი − კვამლდამცველთა ერთმანეთთან გადასაბმელი მოქნილი მოწყობილობა, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას გამორიცხავს კვამლდამცველის გაუთვალისწინებელ გადაადგილებას სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში;
ჰ5) საკონტროლო საგუშაგო − სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალურად გამოყოფილი სათავსი;
ჰ6) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი − ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისული სამსახურის დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც მართავს ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს და სხვა ძალებს/პირებს.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა