1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისათვის ხორციელდება მორიგე ცვლის ორგანიზება. ამ მიზნით, შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისაგან ყოველდღიურად ირჩევა და ინიშნება პასუხისმგებელი მორიგე.
2. მორიგე ცვლის ორგანიზების მიზანია:
ა) მორიგეობის პერიოდში მორიგე ცვლის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ბ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მორიგე ცვლის ძალებისა და საშუალებების სწრაფი აღდგენისათვის პირობების შექმნა;
გ) გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კავშირის საშუალებებისა და გზების მდგომარეობის კონტროლი (მათ შორის სახანძრო-ტაქტიკური სწავლების ჩატარებისას);
დ) პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ხანძარსაშიშროების, სახანძრო ტექნიკის მისასვლელი და გასასვლელი გზების, ასევე, გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების ადგილმდებარეობის შესწავლა;
ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის დისციპლინის მაღალი დონის უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამის სამსახურებთან კავშირის უზრუნველყოფა;
ზ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ შენობებსა და სათავსებში გარეშე პირთა დაშვების დადგენილი წესის შესრულების უზრუნველყოფა, დღის განწესის დაცვა, სამსახურებრივი სათავსების და ტერიტორიის სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად სამსახურეობრივ-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება.
3. მორიგე ცვლის შემადგენლობა მორიგეობას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მორიგე ცვლის დღის განწესის (დანართი 1) შესაბამისად.
4. მორიგე ცვლის ორგანიზებისას ხორციელდება:
ა) მორიგე ცვლის შემადგენლობის მომზადება;
ბ) პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ხანძარსაშიშროების და თავისებურებების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკისათვის გასასვლელების და მისასვლელების, აგრეთვე, გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყაროების მდგომარეობის შესწავლა;
გ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
ე) გასვლის რაიონში მდებარე პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან კავშირის არსებობის კონტროლი;
ვ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, სამსახურის ორგანიზების გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებები;
ზ) მორიგე ცვლის ორგანიზებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
5. მორიგე ცვლაში მოვალეობის შესასრულებლად არ დაიშვება პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი პირველდაწყებითი მომზადება და არ აქვს მიღებული ჩათვლები უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნაში, აგრეთვე, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) რომელსაც არ აქვს შესაბამისი მართვის მოწმობა.
6. მორიგე ცვლის გათვლაში უნდა იყოს მხოლოდ გამართული სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა.
7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გაუმართაობის შემთხვევაში, გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს მორიგე ცვლის შემადგენლობა. გაუმართაობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები უნდა შეიცვალოს, ხოლო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა მოიხსნას გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს.
8. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისა და შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია აგრეთვე, ცვლის მეთაურს.
9. დანაყოფში სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ან ცვლის მეთაური სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ატყობინებს გასვლის რაიონში სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიზნით სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენების შესახე