1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში სახელოს გამოცდა ტარდება:

ა) ახალი სახელოს – ექსპლუატაციის დაწყებამდე;

ბ) ექსპლუატაციაში მყოფი სახელოს – მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პერიოდულობითა და პარამეტრების გათვალისწინებით;

გ) შეკეთებული სახელოს – შეკეთების შემდეგ.

2. სახანძრო სახელოს გამოცდასა და მისი შედეგების გაფორმებაზე პასუხისმგებელია ცვლის მეთაური.

3. შემწოვი სახელოს გაიშვიათებაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს ან გაიშვიათების წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორეზე მაგრდება სახშობი;

ბ) სახელოში იქმნება 0,08±0,01 მპა სიდიდის ვაკუუმი;

გ) იკეტება ვაკუუმწარმომქმნელი ხაზი, ამასთან, 3 წუთის განმავლობაში გაიშვიათების ვარდნა სახელოში არ უნდა აღემატებოდეს 0,015 მპა-ს;

დ) გამოცდის პროცესში სახელოს გარე ზედაპირზე არ უნდა წარმოიქმნას ნაკეცი ან გაბრტყელებული უბანი;

ე) გამოცდის დასრულების შემდეგ საჭიროა სახელოს შიდა ღრუს დათვალიერება სინათლეზე. გამოცდაგავლილი სახელოს შიდა ღრუს ზედაპირი არ უნდა იყოს დაზიანებული, ჩახეული, ამოზნექილი;

ვ) სახელოები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ გამოცდის პირობებს, გამოიყენება სასწავლო ან სამეურნეო მიზნით.

4. შემწოვი სახელოს ჰიდრავლიკურ წნევაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს (ჩამკეტი ლულის, წყლის ამღების გამოყენებით) ან ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორე იკეტება სახშობით;

ბ) სახელო ნელ-ნელა ივსება წყლით (სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან მუშაობისას სახელოები ივსება თვითდინებით) ჰაერის სრულ მოცილებამდე, რის შემდეგაც ონკანი იკეტება;

გ) 1-2 წუთის განმავლობაში სახელოში ზრდიან წყლის წნევას მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ სიდიდემდე და აჩერებენ 10 წუთის განმავლობაში, ამასთან, სახელო არ უნდა დაზიანდეს ან ამოიბურცოს, ლითონის სპირალმა არ უნდა განიცადოს დეფორმაცია, არ უნდა დაფიქსირდეს ჟონვის ნიშნები.

5. გამდენი სახელოს გამოცდა ჰიდრავლიკურ წნევაზე ხორციელდება ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატზე თითოეული სახელოს რიგრიგობით ან ხაზში გადაბმული რამდენიმე (არაუმეტეს 5) ერთი დიამეტრის, კატეგორიის, სახეობის, ჯგუფისა და ტიპის სახელოს მიერთებით.

6. გამოცდის დაწყებამდე საჭიროა სახელოს დათვალიერება, პასპორტის მონაცემების მიხედვით სახელოს მუშაობის შეჯამება და მათი ექსპლუატაციის ვადიდან, მუშაობის ხანგრძლივობისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, დაბალ კატეგორიაში გადაყვანა, მაღალი კატეგირიის სახელოების გამოცდისთვის განკუთვნილი წნევის ზემოქმედებით დაზიანების პრევენციისთვის.

7. გამდენი სახელოს 3 მპა მუშა წნევაზე გამოცდა ხდება მაღალი წნევის ტექნიკური საშუალების ტუმბოს მუშა წნევის პირობებში. გამოსაცდელ წნევას ინარჩუნებენ სახელოს ხაზის დასათვალიერებლად საჭირო დროის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2 წუთისა.

8. გამოცდის ჩატარებამდე საფარის არმქონე ნატურალური ბოჭკოს სახელოს ავსებენ წყლით და აჩერებენ 5 წუთის განმავლობაში.

9. გამდენი სახელოს ჰიდრავლიკურ წნევაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს (სახელოს ხაზის) ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს ან ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორეზე მაგრდება ჩამკეტი ლულა;

ბ) სახელო (სახელოს ხაზი) ნელ-ნელა ივსება წყლით (სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან მუშაობისას სახელოები ივსება თვითდინებით) ჰაერის სრულ მოცილებამდე, რის შემდეგაც ლულა იკეტება;

გ) 1-2 წუთის განმავლობაში სახელოში (სახელოს ხაზში) ზრდიან წყლის წნევას ზღვრულად დასაშვებ სიდიდემდე და ინარჩუნებენ 2 წუთის განმავლობაში;

დ) ათვალიერებენ სახელოს (სახელოს ხაზს) და აღნიშნავენ დაზიანებებს მათი არსებობის შემთხვევაში;

ე) განმეორებით განდევნიან ჰაერს და ავსებენ სახელოს (სახელოს ხაზს) წყლით;

ვ) 2-3 წუთის განმავლობაში სახელოში (სახელოს ხაზში) ზრდიან წნევას საგამოცდო წნევის მნიშვნელობამდე, აჩერებენ 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამცირებენ წნევას ნულამდე;

ზ) გამოცდის დროს, არ უნდა დაირღვეს სახელოების შემაერთებელ თავაკებთან მიერთების ჰერმეტულობა. გამოცდაგავლილად ითვლება სახელო, რომელსაც არ აღენიშნება დაზიანებები, გამჭოლი ნახვრეტები და ჟონვის ნიშნები;

თ) სახელო, რომელიც არ აკმაყოფილებს გამოცდის პირობებს, გამოიყენება სასწავლო ან სამეურნეო მიზნი