1. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტა - იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერების, ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო იღებს ცნობად, რაც ფორმდება სხდომის საოქმო ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. თანამდებობიდან გადადგომისას მერი პირადი განცხადებით იხსნის უფლებამოსილებას საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის თანამდებობიდან დათხოვნა, მისი უფლებამოსილების შეჩერება ან ვადამდე შეწყვეტა ხდება ამ კოდექსის მე-XVIII თავით დადგენილი წესით.

4. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (თანამდებობრივი შეუთავსებლობა), საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

5. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას (მერისთვის უნდობლობის გამოცხადება), საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით.

6. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის შესაბამისი წერილობითი ინიციატივა.

7. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირება, საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვება, წარდგენა და ნამდვილობის შემოწმება, საკრებულოს მიერ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ მუხლითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით.

8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ინიციატორთა თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების საერთო რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა ხელმოწერების არანაკლებ 10 პროცენტისა, დამატებით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერების იგივე რაოდენობა. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და ინიციატორს უარი ეთქმევა ინიციირებაზე.

9. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი  (წელი, თვე და რიცხვი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლება, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.

ე) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის  ვადას;

ვ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ, თუ ამ ფაქტს წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ) ხელმომწერი არ არის ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელსაც ხელს არ აწერს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე თუ მისი ხელმოწერა არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ.

11. თუ საკრებულოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

12. უნდობლობის საკითხის ინიციირება და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, ასევე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში.

13. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.

14. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

15. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

თავი XV

საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წე