1. შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს. თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.
2. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შემოწმების ჩატარებისას დაადგენს, რომ შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე შეუძლებელია მთავარ შესასვლელთან ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება, იგი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი კონკრეტული ობიექტისთვის და უფლება მისცეს განათავსოს მხოლოდ ერთი ვიდეოკამერა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. შესასვლელთან ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.
4. ვიდეომეთვალყურეობის განმახორციელებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი