1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით. კლინიკური სურათის დასაწყისში ვლინდება ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, შემდეგი პროცესი ვრცელდება საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს რეგულაციის მექანიზმების მოშლა, რის შედეგადაც ვითარდება ნერვულ-ჰუმორული და ნერვულ-რეფლექსური დარღვევები.
2. ჯერ კიდევ ფილოგენეზის პროცესში ადამიანს ჩამოუყალიბდა მექანიზმები, რომლებიც იცავენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებსა და სისტემებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად მოქმედ ინტენსიურ ვიბრაციას შეუძლია გადალახოს ორგანიზმის ეს დამცავი ბარიერი და მრავალფეროვანი ცვლილებების განვითარება გამოიწვიოს. დამტკიცებულია, რომ ვიბრაციას ახასიათებს ზოგადბიოლოგიური მოქმედება უჯრედებზე, ქსოვილებზე და ორგანოებზე.
3. ვიბრაცია შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ვიბრაციული ანალიზატორის სპეციფიკური გამღიზიანებელი. ვიბრაციული დაავადების პროგრესირებისას ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითების პარალელურად ირღვევა ორგანიზმის ტკივილის, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობა. ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ ვიბრაციული მგრძნობელობის ზურგის ტვინის თალამური და ქერქული ზონები ლოკალიზებულია სისხლძარღვთა მამოძრავებელი, ტკივილის და ტემპერატურული მგრძნობელობის ცენტრებთან ახლოს, რის გამოც ვიბრაციის ცენტრიდან აღგზნება ვრცელდება მეზობელ უბნებზე. პირველ რიგში, სისხლძარღვთა მამოძრავებალ ცენტრებზე, ვითარდება პერიფერიულ სიხლძარღვთა ვეგეტატიური ფუნქციების მოშლა, რაც განაპირობებს ანგიოსპაზმს, მოგვიანებით კი – ატონიას.
4. ვიბრაციის ფაქტორის მოქმედებით მცირდება ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის ჰომეოსტატიკური რეგულირების ფუნქცია, ადგილი აქვს სისხლძარღვების ინტიმის ადგილობრივ დაზიანებას, სისხლში მატულობს ტუტეფოსფატაზის აქტივობა, იცვლება ნუკლეინის მჟავების (რნმ და დნმ) თანაფარდობა, მცირდება სუქცინატდეჰიდროგენაზის აქტივობა. ჟანმგბადის დეფიციტი ხელს უწყობს ზემო კიდურების დისტალურ ნაწილში მიკროცირკულაციის, სისხლძარღვთა გამტარობის, ტროფიკული დარღვევების განვითარებას. ამის შედეგად ვითარდება მიოფიბროზი, ართროზი, პერიართროზი, კისტა. ადრეულ სტადიებში ითრგუნება ხელის თითების კაპილარული სისხლის მიმოქცევა, შემდგომში კი იცვლება მხარისა და წინამხრის მსხვილი სისხლძარღვების (არტერია და ვენა) ტონუსი, რაც კლინიკურად ვლინდება ანგიოდისტონიური, ან ანგიოსპასტიკური სინდრომის სახით. კუნთებში ქოლინესთერაზის აქტივობის შეცვლა კი იწვევს აღმასრულებელ ორგანომდე ნერვული იმპულსების გატარების მოშლას, რაც ხელს უწყობს პერიფერიული პოლინევროპათიის განვითარებას.
5. ვიბრაციული დაავადებისას არსებულ სისხლძარღვოვან ცვლილებებს ახასიათებს გენერალიზაცია, რაც გამოიხატება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობაში (ცერებრული ანგიოდისტონიური სინდრომი და ენცეფალოპათია). ამის გამო, კერძოდ, მხედველობის ანალიზატორში ფუნქციური ცვლილებები ვითარდება, რაც მხედველობის ველის შევიწროებით ფიზიოლოგიური სკორომის ზომების გადიდებით და თვალის ფსკერის სისხლძარღვების ცვლილებებით ვლინდება. შესაძლებელია, კატარაქტის და ბადურა გარსის დეგენერაციის სახით. მხედველობის ორგანოს ორგანული დაზიანებაც.
6. ვიბრაციულ გამღიზიანებელზე აქტიურად რეაგირებს ვესტიბულარული აპარატიც, კერძოდ, მისი სიხშირის ვიბრაცია ისევე მოქმედებს, როგორც ხმაური.
7. ვიბრაციული დაავადების დროს შესაძლებელია, აგრეთვე თავი იჩინოს იმუნოლოგიურმა ძვრებმა: მძიმე ფორმების განვითარების შემთხვევაში აღინიშნება იმუნიტეტის T და B სისტემების ფუნქციური აქტივობის მოშლა.
8. ამგვარად, ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების გენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც ქსოვილოვანი სტრუქტურის ადგილობრივ დაზიანებას, ასევე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალური (ნეირო-ჰუმორული და ნეირო-რეფლექსური) მექანიზმების მოშლას