1. გემი ნავსადგურში მოსულად ჩაითვლება, თუ მან გადაკვეთა ოფიციალურად დადგენილი ნავსადგურის გარე რეიდის საზღვარი (ე.წ Port Limit) ან/და დადგა ღუზაზე, ხოლო ნავსადგურიდან გასულად – თუ მან გადაკვეთა ნავსადგურის აკვატორიის ან გარე რეიდის საზღვარი.

2. ნავსადგურისაკენ მიმავალი გემის კაპიტანი ვალდებულია, უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით, ნავსადგურში შესვლამდე 7 (შვიდი) დღით, შემდგომ კი 72, 48 და 24 საათით ადრე, შეატყობინოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას ნავსადგურში შესვლის თარიღი და სავარაუდო დრო, ხოლო შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე, რადიოტელეფონით დამატებით დააზუსტოს ნავსადგურში შესვლის დრო.

3. თუ ნავსადგურში მისვლამდე 24 საათის განმავლობაში გემის მისვლის სავარაუდო დრო 2 ან მეტი საათით განსხვავდება წინა ან იგივე დღეს უკანასკნელად მიცემული მისვლის სავარაუდო დროისგან, მაშინ გემის კაპიტანმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას და ნომინირებულ აგენტს გემის ნავსადგურში მისვლის სავარაუდო დროის შეცვლის შესახებ.

4. თუ გემის გადასვლა ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურამდე საჭიროებს 48 (ორმოცდარვა) საათზე ნაკლებ დროს, მაშინ წინა ნავსადგურიდან გასვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის შემდეგ, ხოლო მეორე ნავსადგურში შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე მაინც, გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურში შესვლის თაობაზე შეატყობინოს (გადასცეს რადიონოტისი) გემის აგენტს, ან ამ „წესების“ მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სანავსადგურე ერთეულის სათანადო სამსახურებს და ორგანოებს.

5. გემის აგენტი ვალდებულია გადასცეს შესაბამისი შეტყობინება (რადიონოტისი) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, სანავსასდგურე ერთეულის ადმინისტრაციას, შემოსავლების სამსახურის და სასაზღვრო ორგანოებს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირებს, ხოლო წერილობითი შეტყობინება (რადიონოტისი), გემის რეიდზე დადგომის შემდეგ გადაეცემა სატვირთო ტერმინალს, ტვირთმიმღებს/ტვირთგამგზავნს.

6. თევზსაჭერი გემის კაპიტანი ნავსადგურში შესვლამდე შეტყობინებას (რადიონოტისს) აწვდის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

7. გემის კაპიტნის პირველადი შეტყობინება (გაგზავნილი 7 (შვიდი) დღით ადრე) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გემის დასახელება და დროშა;

ბ) გემის IMO ნომერი;

გ) გემთმფლობელის ვინაობა;

დ) გამოსვლის ნავსადგური (ბოლო ნავსადგური, რომელშიც შევიდა, რეწვის რაიონი);

ე) გემის წყალშიგი ქიმზე და კიჩოზე;

ვ) ტვირთამწეობა, გემის ზომები;

ზ) მგზავრთა რაოდენობა;

თ) ტვირთის დასახელება, განსაკუთრებული თვისებები, რაოდენობა, თითოეული პარტიის წონა და მათი განთავსება გემბანზე, ტვინდეკსა და ტრიუმებში (გამჭოლი ტრიუმების შემთხვევაში – ყოველ ლიუკში); 8 (რვა) მეტრზე მეტი (ერთეულის ზომა) ან 10 (ათი) ტონაზე მძიმე ტვირთის წონა და განთავსება; ბალასტის რაოდენობა, ბალასტის აღების ადგილი და დებალასტირების დრო;

ი) ტვირთმიმღების და ტვირთგამგზავნის დასახელება/სახელი და საკონტაქტო მონაცემები;

კ) მოთხოვნა საწვავზე (ბუნკერი), სასმელ წყალზე, მომარაგებაზე, დამხმარე ოპერაციებზე და ნარჩენების მიღება/ჩაბარების ოპერაციებზე.

8. გემთმფლობელი პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის ან გემის კაპიტნის მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასრულად ან დაგვიანებით მიწოდების გამო, გემის ნავმისადგომთან დაყენება ან დამუშავება შეყოვნდება. ყოველივე ამის შესახებ აღნიშნული უნდა იქნეს სანავსადგურე ერთეულში გემის ყოფნის აღრიცხვიანობის საბუთებში (TIME SHEET).

9. გემის კაპიტანი ვალდებულია გემის ნავსადგურში შესვლის სავარაუდო დროის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, უშუალოდ ან გემის აგენტის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს (გაუგზავნოს რადიონოტისი) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას. აღნიშნული შეტყობინების (რადიონოტისის) დაგვიანებით მიწოდების, მიუწოდებლობის ან გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის დაგვიანებით ან არასწორად მიწოდების შემთხვევაში, სტალიური დრო გაიზრდება 24 (ოცდაოთხი) საათი