2.  სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა, რომლებიც საერთაშორისო მიმოსვლას აწარმოებენ, დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, უნდა უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებები მათზე მღრღნელების მოხვედრის ასაცილებელი, ასევე მღრღნელებისა და ექტოპარაზიტების გამანადგურებელი ყოველგვარი საშუალებებით.

3.  საზღვაო ტრანსპორტი შეიძლება იყოს მღრღნელებისა და შავი ჭირის გადამტანებისგან თავისუფალი, ან ჩვენების მიხედვით დაექვემდებაროს დერატიზაციას, რაზეც შესაბამისად გაიცემა დერატიზაციისგან გათავისუფლების ან დერატიზაციის ჩატარებაზე მოწმობა (დანართი მე-3), რომელსაც გასცემენ მხოლოდ პორტები, რომლებიც აღჭურვილია გემებზე დერატიზაციის ჩასატარებლად აუცილებელი საშუალებებითა და კვალიფიციური პერსონალით.

4.  საზღვარგარეთის ქვეყნებში საზღვაო პორტების, რომელთაც აქვთ უფლება გასცენ დერატიზაციისგან გათავისუფლების ან დერატიზაციის ჩატარების შესახებ მოწმობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაგან, ჩამონათვალი ეცნობება სამინისტროს მიერ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა დაქვემდებარებაშია საერთაშორისო რეისის შემსრულებელი საზღვაო ტრანსპორტი, ასევე სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციას.

5.  პორტებში, რომელთა დანიშნულება ნაჩვენებია მე-4 პუნქტში, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებებს შეუძლიათ გასცენ დერატიზაციისგან გათავისუფლების მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება თავისუფალია მღრღნელებისგან. ასეთი მოწმობა გაიცემა, თუ გემის დათვალიერება ჩატარებულია ცარიელი ტრიუმებისა ან მხოლოდ ბალასტით ან სხვა მღრღნელებისთვის არამიმზიდველი მასალით დატვირთული ტრიუმების შემთხვევაში, ამასთან, ტვირთის ხასიათი და განლაგება ხელს არ უშლის ტრიუმების ზედმიწევნით დათვალიერებას (ტანკერების დათვალიერება შეიძლება დატვირთული ტანკებით).

6.  თუ გემის დათვალიერების შედეგად გამოვლენილ იქნა მღრღნელები ან მათი ცხოველქმედების კვალი, გემის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს დერატიზაციის ჩატარება სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის სანიტარიულ-საკარანტინო სამმართველოს (განყოფილების) პასუხისმგებელი პირების კონტროლის ქვეშ.

7.  გემის დერატიზაცია ტარდება ცარიელი ტრიუმების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადმოტვირთვა შეუძლებელია. ბალასტის ქვეშ მყოფი გემის დერატიზაცია ტარდება ჩატვირთვამდე. დერატიზაციის დამაკმაყოფილებლად დასრულების შემდეგ, ინსპექციის ქვედანაყოფები გასცემენ მოწმობას დერატიზაციის შესახებ.

8.  აღნიშნული ღონისძიებები შეიძლება გამოვიყენოთ ასევე საჰაერო, სარკინიგზო, ავტოტრანსპორტისა და კონტეინერის მიმართაც მღრღნელების ან მათი ცხოველქმედების კვალის გამოვლენის შემთხვევაში. ინსპექციის ქვედანაყოფების პასუხისმგებელი პირები იღებენ გადაწყვეტილებას დერატიზაციისა და დეზინსექციის დანიშვნის შესახებ და მიაწვდიან სატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციას ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (დანართი მე-4).

9.  დერატიზაციისგან გათავისუფლებისა და დერატიზაციის ჩატარების შესახებ მოწმობები მოქმედია ექვსი თვის განმავლობაში; შესაძლებელია ვადის ერთჯერადი გაზრდა ერთი თვით – გემისათვის, რომელიც მიემართება იმ პორტისაკენ, სადაც გადმოტვირთვის გამო დერატიზაციის ან დათვალიერების ჩატარება იქნება გაადვილებული.

10.     როდესაც საერთაშორისო რეისის მარშრუტი იწყება ისეთი ქვეყნიდან, სადაც რეგისტრირდება შავი ჭირის ფილტვის ფორმა, სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირი ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას 6 დღის განმავლობაში.

11.     გემი, თვითმფრინავი, სარკინიგზო შემადგენლობა ან ავტოტრანსპორტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას ითვლება დაინფიცირებულად, თუ ბორტზე (სარკინიგზო შემადგენლობაში ან ავტოტრანსპორტში) იმყოფება შავი ჭირით დაავადებული (ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი).

12.     სატრანსპორტო საშუალებები დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას ითვლება საეჭვოდ შავი ჭირით დაინფიცირებაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ არ არის შავი ჭირით დაავადებული, თუმცა ამ დაავადების შემთხვევას მგზავრებს ან ეკიპაჟის (ბრიგადის) წევრებს შორის ჰქონდა ადგილი წინა 6 დღის განმავლობაში;

ბ) მღრღნელების დაუდგენელი მიზეზით სიკვდილიანობის გამოვლენისას;

გ) მღრღნელების გამოვლენისას სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოვიდა შავი ჭირის ეპიზოოტიური რაიონიდან;

დ) თუ მგზავრებს ან ეკიპაჟის (ბრიგადის) წევრებს შორის არის პირი, რომელსაც შეექმნა შავი ჭირის ფილტვის ფორმით დაინფიცირების საშიშროება, მაგრამ არ იქნა იზოლირებული ეკიპაჟის (ბრიგადის) სხვა წევრებისა და მგზავრებისგან.

13.     რეისის დროს გემზე გამოვლენილი შავი ჭირით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო პირი) ექვემდებარება დაუყოვნებელ ჰოსპიტალიზაციას გემის იზოლატორში უახლოეს პორტში ჩასვლამდე, სადაც არის მისი ჰოსპიტალიზაციისთვის აუცილებელი პირობები;

ა) ავადმყოფს უტარებენ კომპლექსურ ეტიოტროპულ, პათოგენურ და სიმპტომურ მკურნალობას. ეტიოტროპული მკურნალობის დაწყებამდე ავადმყოფისგან ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის იღებენ მასალას (ნახველს, ხახის ნაცხს, თუ შესაძლებელია – სისხლსა და პუნქტატს ბუბონიდან), რომელსაც ათავსებენ სტერილურ ჰერმეტულ ჭურჭელში და ინახავენ სპეციალურ მაცივარში პორტში ჩასვლამდე, სადაც შეიძლება ამ გამოკვლევების ჩატარება;

ბ) ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებზე მყარდება სამედიცინო მეთვალყურეობა, მათ შორის, დაავადების ნიშნების (ტემპერატურა 38Co
-მდე და ზევით, ინტოქსიკაცია, ლიმფადენიტი, პნევმონია) მქონე პირების ადრეული გამოვლენის მიზნით. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებს უტარდებათ დაუყოვნებელი პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით. გემზე ტარდება დეზინფექცია, ხოლო მღრღნელების აღმოჩენის შემთხვევაში – დერატიზაცია და დეზინსექცია. აღმოჩენილი მკვდარი მღრღნელები ინახება ტომრებით მაცივრებში ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის.

14.     შავ ჭირზე საეჭვო გემის, თვითმფრინავის, სარკინიგზო შემადგენლობის ან ავტოტრანსპორტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მიიღება შემდეგი ზომები:

ა) სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სანიტარიულ ნაპირთან, სადგომზე, ჩიხში;

ბ) მგზავრებსა და ეკიპაჟის (ბრიგადის) წევრებზე სამედიცინო მეთვალყურეობა 6 დღის განმავლობაში ჩამოსვლის მომენტიდან და მათი სასწრაფო პროფილაქტიკა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით;

გ) დეზინფექცია და დეზინსექცია სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც ითვლება დაინფიცირებულად; მღრღნელების აღმოჩენის შემთხვევაში – დერატიზაცია.

15.     ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რომელიც ითვლება შავი ჭირით დაინფიცირებულად, ჩამოსვლისას მიიღება შემდეგი ზომები:

ა) სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სანიტარიულ ნაპირთან, სადგომზე, ჩიხში;

ბ) ავადმყოფთან (დაავადებაზე საეჭვო პირთან) კონტაქტში მყოფი მგზავრების და ეკიპაჟის წევრების იზოლაცია 6 დღით ჩამოსვლის მომენტიდან და სასწრაფო პროფილაქტიკის ჩატარება (გაგრძელება), გემებისთვის – რეისის დროს ავადმყოფის იზოლაციის მომენტიდან;

გ) ავადმყოფის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვით; სატრანსპორტო საშუალების ნაწილებისა და საგნების დეზინფექცია (აუცილებლობის შემთხვევაში – დეზინსექცია), რომლებიც ითვლება დასნებოვნებულად, მათ შორის, შავი ჭირით ავადმყოფის (დაავადებაზე საეჭვო პირის) და ავადმყოფთან კონტაქტირებულთა ბარგის, თეთრეულისა და ტანსაცმლის. მღრღნელების აღმოჩენის შემთხვევაში – დერატიზაცია. ავადმყოფისა და კონტაქტირებულების ბარგის შენახვას დამუშავების შემდეგ უზრუნველყოფს სატრანსპორტო საწარმო ავადმყოფის გამოვლენის ადგილის მიხედვით.

16.     თუ საერთაშორისო რეისის შემსრულებელ ან შავი ჭირის ბუნებრივ კერაში მყოფ პირს გამოუვლინდა შავი ჭირით დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე, ტარდება ყველა აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებები წინამდებარე წესების მოთხოვნებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების თანახმად.

თავი XII

სპეციალური მოთხოვნები ქოლერის შემოტანის აღსაკვეთ