1. კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის – მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.
2. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების, აგრეთვე ტარიფის დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) განცხადების მოკლე შინაარსი;
გ) ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა;
დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ყველას აქვს უფლება წარადგინოს კომისიაში თავისი წერილობითი მოსაზრება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ადმინისტრაციული აქტის პროექტის საჯარო გაცნობისთვის წარდგენის დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებს კომისიაში.
5. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 სამუშაო დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
6. კომისია ზეპირ მოსმენის ატარებს ზეპირი მოსმენის სხდომაზე და ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემა უნდა მოხდეს იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტისთვის გასული უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადა.
7. დაინტერსებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ კომისია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.
8. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
9. კომისიის სხდომებზე საკითხების განხილვა ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით, აგრეთვე, მიმდინარე საკითხების გათვალისწინებით. სამუშაო გეგმაში შეტანილი საკითხებისა და მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით.
10. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, კომისია ვალდებულია ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე, მისი დახურვის შესახებ.
11. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომ დაინტერესებული მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას. თუ ყველა მსურველის სხდომის დარბაზში მოთავსება ფიზიკურად შეუძლებელია, სხდომაზე დასასწრებად დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც უფრო ადრე გამოთქვეს სხდომაზე დასწრების სურვილი.
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე, მისი დახურვის შესახებ, და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
13. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. სხდომის გამართვის დღეა, როგორც წესი, ყოველი სამუშაო კვირის პარასკევი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებით ან გადაუდებელი აუცილებლობით.
14. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა ან დახუროს სხდომის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის დროსაც განიხილება საიდუმლო ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
15. კომისიის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში–კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის წევრი.
16. კომისიის დადგენილება ან გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომაზე კენჭისყრისთვის გამოყენებული უნდა იყოს არმყოფი წევრის წერილობითი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით