1. კომისია ვალდებულია საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრული დოკუმენტაცია შეინახოს საკუთარ არქივში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული დოკუმენტაცია.
2. კომისიის ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისთვის, გარდა სახელმწიფო, პროფესიული, პირადი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
3. კომისიის არქივში ჩაბარებამდე დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა ევალებათ კომისიის სტუქტურულ დანაყოფებს.
4. საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს, რომელიც ამავე დროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, შესაბამისი ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის არქივის დოკუმენტებს მიეკუთვნება:
ა) საქმისწარმოებით დამთავრებული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა კომისიის სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის პროცესში;
ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ კომისიისთვის გადაცემული ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
გ) ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს;
დ) კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და მასალები.
6. კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით საარქივო საქმეზე გამოყოფილი უფლებამოსილი პირი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ღებულობს, აღრიცხავს და ინახავს საქმისწარმოებით დამთავრებულ დოკუმენტს, რომელიც წესრიგშია მოყვანილი კომისიის აპარატის საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად;
ბ) კომისიის აპარატის უფროსთან ერთად აკონტროლებს სტრუქტურულ დანაყოფებში დოკუმენტების დაცვის, საქმეთა გაფორმების სისწორეს, მონაწილეობას ღებულობს საქმეთა ნომენკლატურის შედგენაში და ამოწმებს საქმეთა ფორმირების პროცესს;
გ) აწარმოებს არქივში შენახული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;
დ) აღრიცხავს და ადასტურებს დოკუმენტს;
ე) არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა სახის საარქივო ცნობებს, ასლებსა და ამონაწერებს და არსებული წესის თანახმად გადასცემს მათ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს;
ვ) პასუხს აგებს არქივში დაცული დოკუმენტაციის შენახვაზე.
7. ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად საარქივო საქმეზე გამოყოფილ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელს დაიცვას დოკუმენტებთან მუშაობის არსებული წესები;
ბ) მოიწვიოს და დაიხმაროს აპარატის თანამშრომლები;
გ) ითანამშრომლოს სახელმწიფო არქივთან