1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე დაარსდა, რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, საბოლოოდ კი კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ორგანული ნაწილი გახდა.
2. ჰერეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ცნობილი საქარავნო სავაჭრო გზა, რომელიც მის ტერიტორიაზე გადიოდა და აღმოსავლეთ ქვეყნებს დასავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. ეს გზა ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე გადიოდა, რასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნისა თუ ეპოქის ნუმიზმატიკური ნიმუშები ადასტურებს. ჩვ.წ. აღ.-მდე VI საუკუნიდან ვენახების მასიური გაშენება მოწმობს, რომ რეგიონი, რომელიც ღვინის აკვნად არის მიჩნეული, მეღვინეობის მდიდარი კულტურით გამოირჩევა.
3. ისტორიული წყაროების მიხედვით საზაფხულო რეზიდენციის ,,მაჭის ციხის“ (თოღა) აშენება ლაგოდეხის ბუნებრივი სილამაზით მოხიბლულ მეფე არჩილს უბრძანებია. ნაგებობა VII საუკუნით თარიღდება და ორი ხევის – მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელიხეობის შესაყართან მდებარეობს. მისი ფართობი 3,5 ჰა-ს აღწევდა. მეფეთა სასახლის ქვევით, მიწაში ოთახებია ძლიერი სვეტებით, რომლებიც გარკვეულ პერიოდში, როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, კახეთის მეფეთა დილეგს (საპატიმროს) და თავშესაფარსაც წარმოადგენდა. თოღა ფეოდალურ ხანაში კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრედ ქცეულა, რადგან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა. დაღესტნიდან კახეთის სატახტო ქალაქ გრემისკენ მიმავალი გზა თოღაზე გადიოდა.
4. ციხე-ქალაქში, დილეგის სიახლოვეს 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს ჭა, რომლის დიამეტრიც 50 სმ-ია, ხოლო დაახლოებით სიღრმე 10 მ ნაშენებია კირითა და ქვით. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე დღემდე კარგადაა შემონახული კარის ეკლესია, რომელიც მეცნიერთა აზრით გვიან ფეოდალურ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, კერძოდ XV-XVI საუკუნეებ