1. ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მრავალი სახეობა, როგორც გლობალურ დონეზე იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობები, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – როგორც ეროვნულ დონეზე არსებული იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობები.

2. დღეისთვის არსებული მონაცემებით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე გავრცელებულია 1,000-ზე მეტი მცენარის სახეობა, ასევე, ძუძუმწოვართა 69, ფრინველთა 139, რეპტილიების 18, ამფიბიების 9, თევზების 4 სახეობა, 1700-ზე მეტი უხერხემლო ცხოველი  და სოკოები.

3. ფლორის და მცენარეულობის ტიპები:

ა) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი სახეობებიდან 7 შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში წარმოდგენილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „წითელი  ნუსხით“ დაცული 154 სახეობის მცენარეებიდან საფრთხის ქვეშ მყოფის (EN) სტატუსი გააჩნია 2 სახეობას, მოწყვლადი (VU) – 3 და საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT) – 4 სახეობა;

ბ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ მცენარეთა 213 სახეობა წარმოადგენს კავკასიის ენდემს;

გ) ამ პუნქტში აღწერილი მცენარეულობის ტიპების უმეტესობა რეგიონისთვის ტიპური და დამახასიათებელია. თუმცა, მცირე ნაწილი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მეორადი წარმოშობისაა. მცენარეულობის სივრცული განაწილება, ძირითადად, გარკვეულ ბუნებრივ კანონზომიერებებს ემორჩილება, თუმცა, გარკვეული კორექტივები ანთროპოგენურ ფაქტორებს შეაქვს;

დ) წიფლნარი ტყე (Fageta, Fagus orientalis): წიფლნარი ტყე ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი და ფართოდ გავრცელებული მცენარეულობის ტიპია ნაკრძალში. გვხვდება ზღ. დონიდან 450-2,150 მ-მდე სხვადასხვა ექსპოზიციაზე. წიფლნარი ტყეები ნაკრძალში წარმოდგენილია სხვადასხვა სახესხვაობით. როგორიცაა:

დ.ა) წიფლის ტყე ქვეტყის / ბუჩქნარის გარეშე;

დ.ბ) წიფლის ტყე მაყვლის ბუჩქნარით;

დ.გ) წიფლის ტყე გვიმრის სახეობებით;

დ.დ) წიფლის ტყე მაყვლისა და გვიმრის ქვეტყით;

დ.ე) ბალახის საფარიანი წიფლის ტყე;

დ.ვ) ბალახით დაფარული წიფლის და რცხილის ტყე;

დ.ზ) ხშირი სუროთი დაფარული წიფლის ტყე;

დ.თ) წიფლის ტყე, რომელიც დაფარულია ,,შავი გვიმრით”;

დ.ი) წიფლის ტყე მოცვის ქვეტყით.

ე) რცხილნარი ტყე (Carpineta, Carpinus caucasica): ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და ფართოდ გავრცელებული ფიტოცენოზია. ძირითადად, გვხვდება მდინარეების შრომისწყლის, ლაგოდეხისწყლისა და მაწიმისწყლის ქვემო წელის ვაკეებსა და შუაწელის ფერდობებზე ზღვის დონიდან 450-1,500 მ-ის ფარგლებში. რცხილნარი ტყეების კალთაშეკრულობა 70-80 % შორის მერყეობს. დამახასიათებელი ხეებია ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa), ქართული მუხა (Quercus iberica) და ქორაფი, ნეკერჩხალი (Acer laetum). სხვა მნიშვნელოვანი სახეობებია: მაყვალი (Rubus caucasicus), თხილი (Corylus avellana), ზღმარტლი (Mespilus germanica), ჭანჭყატი (Euonymus latifolia), სამეფო გვიმრა (Dryopteris fliix-mas), შალამანდილი (Salvia glutinosa), ხახია (Pachyphragma macrophyllum), ნიგვზისძირა (Geum urbanum), ია (Viola odorata), მარწყვი (Fragaria vesca), და სხვ. მცენარეთა ეს კლასი სხვადასხვა ვარიანტებით არის წარმოდგენილი (Carpinetum oplismenosum, Carpinetum pachyphragmosum, Carpinetum hederosum, Carpinetum hederoso-dryopteridosum, Fago-Carpinetum hederosodryopteridosum, Carpinetum festucosum, და სხვ.), რომელთა შორის ძირითადი განსხვავება ბალახოვანი საფარის დომინანტებშია;

ვ) ქართული მუხის ტყე (Querceta, Quercus iberica): მცენარეულობის ეს ტიპი ხასიათდება ნაკრძალში შეზღუდული არეალით და წარმოდგენილია პატარ-პატარა ნაკვეთების სახით სამხრეთის ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ (20-35°) ფერდობებზე. გვხვდება მდინარეების: შრომისწყლის (,,საჯინიბოს სერი”), ლაგოდეხისწყლის (,,მონასტრის სერი”) და მაწიმისწყლის ხეობებში ზღვის დონიდან 400-950 მ-ის ფარგლებში. კალთაშეკრულობა 40-დან 80 %-მდე მერყეობს. დამახასიათებელ სახეობებს შორის აღსანიშნავია რცხილა (Carpinus caucasica), ცაცხვი (Tilia begonifolia) და მაღალი იფანი (Fraxinus excelsior). ქვეტყეში დამახასიათებელია Cornus mas, Mespilus germanica, Lonicera caprifolium, L. caucasica, Corylues avellana და სხვ. ზოგ შემთხვევაში ქვეტყის დომინანტია Carpinus orientalis. ბალახოვან საფარში ამ რეგიონისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია Festuca montana, Galium odoratum, Primula woronowii, Lathyrus roseus, Brachypodium sylvaticum, Dactylis glomerata და Viola odorata;

ზ) შერეულფოთლოვანი ტყე: განვითარებულია მდინარეების ნინოსწყლის, შრომისწყლის, ლაგოდეხისწყლისა და მაწიმისწყლის ქვემოწელის პროლუვიურ ტერასებსა და შუაწელის ფერდობებზე ზღვის დონიდან 450-1,100 მ-ის ფარგლებში. ხევნარის შემადგენლობა პოლიდომინანტურია და მასში მონაწილეობენ აღმოსავლეთის წიფელი (Fagus orientalis), რცხილა (Carpinus caucasica), კავკასიური ცაცხვი (Tilia cavcasica),  ჩვეულებრივი იფანი (Fraxinus excelsior), ბოყვი, ბოკვი (Acer velutinum), ქართული მუხა (Quercus iberica), წაბლი (Castanea sativa), ქორაფი (Acer laetum). ქვეტყე და ბალახოვანი საფარი ზემოთ განხილულ ვარიანტთა მსგავსია. ტიპური შერეულფოთლოვანი ტყის კორომები გვხვდება ნინიგორზე (,,დიდი წაბლიანი”, ,,პატარა წაბლიანი”) და კუდიგორის სერზე, სალესავისწყლის ხეობაში (რაჭისუბანი) და სხვ;

თ) მაღალმთის ნეკერჩხლის ტყე (Aceretum, Acer trautvetteri): ძირითადად გავრცელებულია ნაკრძალის სუბალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1,800-2,050 მ-ის ფარგლებში. მისი საუკეთესო და ყველაზე მოზრდილი კორომები გვხვდება ქოჩალოს მთის ფერდობებზე (მეტეოსადგურის მიდამოები) და ნინიგორზე. კალთაშეკრულობა 30-დან 60%-მდე მერყეობს. ნეკერჩხლის გარდა მონაწილეობენ: Fagus orientalis, Sorbus caucasigena, Betula litwinowii და Quercus macranthera. ქვეტყე არ არის განვითარებული. ერთეული ინდივიდის სახით წარმოდგენილია Rubus idaeus, R. caucasicus, Daphne mesereum, Rhododendron luteum. ბალახეულ საფარში წარმოდგენილია როგორც ტყის, ასევე სუბალპური მაღალბალახეულობის ელემენტები, როგორიცაა Dryopteris filix-mas, Athyrium filix femina, Gadelia lactiflora, Senecio rhombifolius, Symphytum asperum, Euphorbia macroceras, Impaniens noli tangere, Brachypodium sylvaticum, Lapsana grandiflora, Petasites albus, Betonica macrantha, Salvia glutinosa, Senecio propinquus და მრავალი სხვ;

ი) მაღალმთის მუხნარი ტყე (Quercetum, Quercus macranthera): ფიტოცენოზის არეალი მცირეა და გვხვდება ზღვის დონიდან 1,800-2,000 მ-ის ფარგლებში, სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. მისი მცირე ფრაგმენტები წარმოდგენილია ,,ბნელ ხევში” მეტეოსადგურთან ახლოს. მუხის გარდა ერთეული ინდივიდების სახით მონაწილეობენ Acer trautvetteri, Fagus orientalis, Sorbus caucasigena და Betula litwinowii. ქვეტყე არ არის კარგად გამოხატული. დამახასიათებელი სახეობებია: Rubus caucasicus, Rhododendron luteum. ბალახოვანი საფარი წარმოდგენილია ტყის სუბალპური და ალპური სახეობებით;

კ) არყნარი ტყე (Betuleta, Betula litwinowii): სუბალპური სარტყლის ერთ-ერთი დამახასიათებელი მცენარეულობაა და გავრცელებულია ზღვის დონიდან 1,900-2,300 მ-ის ფარგლებში, როგორც წესი, ჩრდილო ფერდობებზე, თუმცა, გვხვდება სამხრეთ-დასავლეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ექსპოზიციებზეც. კალთაშეკრულობა 40-დან 60 %-მდე მერყეობს. არყნარი ტყეები წარმოდგენილია მრავალი ვარიანტის სახით, რომელთა შორის ძირითადი განსხვავება ბალახოვანი საფარის დომინანტებშია. ზოგ ადგილას არყნარ ტყეებში ასევე გვხვდება დეკის საფარი (Betuletum rhododendrosum). არყნარ ტყეებს სხვადასხვა ბალახოვანი საფარი გააჩნია. გვხვდება ასევე არყნარისა და წიფლის შერეული ვარიანტები;

ლ) ჯაგრცხილნარი ტყე (Carpinetum, Carpinus orientalis): ამ ტყეებით დაფარულია მდ. მაწიმისწყლის ტერასები. ტყეები მეორადი წარმოშობისაა და პირველადი ტყეების ჭრის შედეგად ვითარდება. კალთაშეკრულობა 60-დან 80 %-მდე მერყეობს. ჯაგრცხილას გარდა აქ შეხვდებით შემდეგ სახეობებს: Carpinus caucasica, Quercus iberica და Acer campestre. ქვეტყე ნაკლებად განვითარებულია. ბალახოვანი მცენარეებიდან განვითარებულია Oplismenus undulatifolius, Salvia glutinosa და Viola odorata;

მ) მურყნარი ტყე (Alnetum, Alnus barbata): მურყნარების ფრაგმენტები გავრცელებულია მდინარეთა ნაპირებიდან ოდნავ დაშორებით ალუვიურ ტერასებზე, ზღვის დონიდან 800-1,000 მ-მდე. ტიპური ფრაგმენტები წარმოდგენილია მდ. შრომისწყლისა და ლაგოდეხისწყლის ხეობებში. კალთაშეკრულობა 40-დან 70 %-მდე მერყეობს. აქ წარმოდგენილია: Pterocarya pterocarpa, Juglans regia, Salix excelsa, Populus nigra. ქვეტყეში გვხვდება Corylus avelana, Staphylea pinnata, Rubus caucasicus, Sambucus nigra, Hedera pastuchowii და სხვ. ბალახოვანი საფარის ფლორისტული შემადგენლობა ჭრელია;

ნ) დეკიანი ბუჩქნარი (Rhododendretum, Rhododendron caucasicum): სუბალპური სარტყლის დამახასიათებელი ფიტოცენოზია და ძირითადად გავრცელებულია ზღვის დონიდან 2,200-2,500 მ-ის ფარგლებში, თუმცა ფრაგმენტულად გვხვდება უფრო დაბლა, ზღვის დონიდან 1,900-2,000 მ-ისა და უფრო მაღლაც – ზღვის დონიდან 2,700 მ-ის ფარგლებში. როგორც წესი, გვხვდება ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. მისი შედარებით დიდი რაყები წარმოდგენილია მთა ,,უნაგირას” ჩრდილოეთ ფერდობებზე;

ო) სუბალპური მაღალბალახეულობა: სუბალპების ერთ-ერთი დამახასიათებელი მცენარეულობაა. ახასიათებს ფრაგმენტული გავრცელება ზღვის დონიდან 1,900-2,800 მ-ის ფარგლებში ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებსა და გავაკებებზე. ხშირად მეორადი წარმოშობისაა და ტყეების გაჩეხვის შედეგად წარმოიქმნება. სუბალპური მაღალბალახეულობა წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტის სახით, სადაც დომინანტურია Heracleum sosnowskyi, Senecio rhombifolius ან Rumex alpinus. ამას გარდა, გავრცელებულია ასევე პოლიდომინანტური მაღალბალახეულობა Aconitum nasutum, A. orientale, Gadelia lactiflora, Campanula latifolia, Cephalanthera gigantean, Dryopteris filix-mas, Heracleum sosnowskyi, Symphytum asperum, Telekia speciosa, Senecio rhombifolius და სხვ;

პ)  მაღალმთის მდელოები: გავრცელებულია ზღვის დონიდან 1,800-3,100 მ-ის სიმაღლეზე ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე. ამ ფიტოცენოზების ყველაზე მეტად გავრცელებული ვარიანტებია:

პ.ა) ბრძამიანი (Calamagrostis arundinacea): წარმოდგენილია მეტეოსადგურთან (,,მიტოს სერი”), ,,ბნელი ხევის” ზემო ნაწილში და სხვაგან;

პ.ბ) ჭრელწივანიანი (Festuca varia): დიდ ფართობებზე გვხვდება ,,პრინცის ბინის”, გონგიჩაის და სხვა მიდამოებში;

პ.გ) მზიურიანი (Inula grandiflora): როგორც წესი, გვხვდება შედარებით პატარა ნაკვეთების სახით, მაგალითად, ტიპურია მონაკვეთისათვის მეტეოსადგური – ,,წყარო”;

პ.დ) ნემსიწვერიანი (Geranium ibericum): ფრაგმენტები კარგად არის გამოხატული ,,წყაროსა” და ,,დემიდოვის ნაშალებს” შორის ფერდობებზე;

პ.ე) ძიგვიანი (Nardus glabiculmis): უმეტესად მეორადი წარმოშობისაა და გადაჭარბებული ძოვების შედეგად წარმოიქმნება. გვხვდება ,,პრინცის ბინის”, გონგიჩაის და სხვა მიდამოებში;

პ.ვ) მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელო (Graminoso mixtoherbum) წარმოდგენილია ფრაგმენტულად, თუმცა მოზრდილი ნაკვეთების სახით. გვხვდება თითქმის ყველგან, მაგალითად მეტეოსადგურსა და ,,წყაროს” შორის, ,,პრინცის ბინის” მიდამოებში და სხვ.

ჟ) ალპური მდელო-ხალები: ალპური ხალები ალპური მდელოების პატარა ნაკვეთებია და ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, უმეტესად, განვითარებულია რბილი რელიეფის ფორმებზე – მყინვარულ დადაბლებებსა და გავაკებებზე ზღვის დონიდან 2,700-3,000 მეტრის ფარგლებში, ზოგჯერ კი – 3,100 მეტრზეც. ალპური მდელო-ხალების ძირითადი ვარიანტებია Taraxacetum (Taraxacum crepidiforme); Sibbaldietum (Sibbaldia semiglabra) და Achemiletum (Alchemila caucasica);

რ) სუბნივალური კლდე-ნაშალების მცენარეულობა: ეს დამახასიათებელი მცენარეულობა წარმოდგენილია ზღვის დონიდან 2,900-3,500 მ-ის ფარგლებში და მოიცავს მდინარეების – შრომისწყლისა და ლაგოდეხისწყლის სათავეებს. ხასიათდება რთული, დანაწევრებული რელიეფით, სადაც ჭარბობს კლდენაშალიანი და ქვაღორღიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები. ფიტოცენოზები ჩამოყალიბებული არ არის. მცენარეები ერთეული ინდივიდების ან 2-5-მდე სახეობის დაჯგუფებების (ნანოცენოზები) სახითაა გაფანტული რელიეფის ჩაღრმავებებში ან სხვა შედარებით დახურულ ადგილებში, მაგალითად, დიდი ქვის ძირებში. დღეისათვის დაცული ტერიტორიიდან ცნობილია მაკრომიცეტების 230 სახეობა, რომელთა უმრავლესობა (139 სახეობა) რიგ Agaricales წარმომადგენელია. აღნიშნული 230 სახეობიდან 23 სახეობა საქართველოს ტერიტორიაზე ნანახია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში. ერთი სახეობა – Cantharellus caucasicus მხოლოდ ამ დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება. ქუდიანი სოკოებიდან ნაკრძალის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ხშირია დათვის სოკო (Boletus edulis), მიქლიო (Cantharellus cibarius), ხეთამხალი (Pleurotus ostreatus), მელნის ძირა (Lepista sordida), მინდვრის ქამა (Agaricus arvensis), ლამბაქა (Sarcoscifa coccinea) და სხვა.

4. ფაუნა:

ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფაუნა საკმაოდ მაღალი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლაგოდეხის ნაკრძალში წარმოდგენილია დაახლოებით 235 სახეობის ხერხემლიანი, რომელთაგანაც გვხვდება: ოთხი სახეობის თევზი, ცხრა სახეობის ამფიბია, 18 სახეობის რეპტილია, 139 სახეობის ფრინველი და 69 სახეობის ძუძუმწოვარი. აღნიშნული 233 სახეობიდან 60 სახეობა არის ისეთი, რომელიც არის ან ენდემი და/ან დაცული სახეობა; კერძოდ, დაცული ტერიტორიების საზღვრებში შესაძლოა დაფიქსირდეს 22 სახეობის კავკასიის ენდემი, საქართველოს წითელი ნუსხის 26 სახეობა, მოწყვლადი ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სტატუსის IUCN წითელი ნუსხის ცხრა სახეობა და ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მე-6 რეზოლუციის მიხედვით დაცული 28 სახეობა;

ბ) ძუძუმწოვრები: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საზღვრებში შესაძლოა დაფიქსირდეს 69 სახეობის ძუძუმწოვარი. ამ ძუძუმწოვართა სახეობებიდან 12 სახეობის ძუძუმწოვარი  – ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), ნიამორი (Capra aegagrus), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წავი (Lutra lutra), ფოცხვერი (Lynx lynx), გრძელყურა მღამიობი (Myotis bechsteinii), ჯიქი (Panthera pardus saxicolor), არჩვი (Rupicapra rupicapra), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), მურა დათვი (Ursus arctos) – შესულია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“, ხოლო  ორი მათგანი შესულია IUCN წითელ ნუსხაში როგორც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები – გიგანტური მეღამურა (Nyctalus lasiopterus) და ჯიქი (Panthera pardus). ასევე, 10 სახეობა და/ან ქვესახეობა წარმოადგენს კავკასიის ენდემს. დამატებით აღნიშნული 10  სახეობა დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით. დაცული სახეობებიდან ნიამორის (Capra aegagrus) დაფიქსირების ერთეული შემთხვევები არსებობს. აქვე ხაზგასასმელია, რომ არ არსებობს ისეთი დაცული სახეობების დაცულ ტერიტორიაზე არსებობის დამადასტურებელი ფაქტები როგორებიცაა გრძელყურა მღამიობი (Myotis bechsteinii) და ჯიქი (Panthera pardus saxicolor). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამ სახეობებისთვის დამახასიათებელ ჰაბიტატებს და დაცული ტერიტორიის სიახლოვეს, მათი დაფიქსირების ფაქტებს, შესაძლოა  მათი არსებობა დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც;

გ) ფრინველები: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, წლის სხვადასხვა დროს შესაძლოა დაფიქსირდეს დაახლოებით 139 სახეობის ფრინველი. აღნიშნული სახეობებიდან 46 სახეობა საქართველოში გვხვდება და მრავლდება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო 34 სახეობა კი არის მიგრირებადი სახეობა, რომელიც მრავლდება საქართველოში. ასევე, იმ სახეობებიდან რომლებიც შესაძლოა დაფიქსირდეს დაცულ ტერიტორიაზე, 15 სახეობა წარმოადგენს საქართველოს წითელი ნუსხის (2014) სახეობას – ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა (Buteo rufinus), ბექობის არწივი (Aquila heliacal), დიდი მყივანი არწივი (Clanga clanga), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბარი (Falco cherrug), წითელფეხა შავარდენი (Falco vespertinus), მცირე კირკიტა (Falco naumanni), კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ბუკიოტი (Aegolius funereus), ბუხრინწა (Tyto alba), ხოლო ხუთი სახეობა – ბექობის არწივი (Aquila heliacal), დიდი მყივანი არწივი (Clanga clanga), ველის არწივი (Aquila nipalensis), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბარი (Falco cherrug) კი შესული ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები. ასევე, ორი სახეობა – კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) – კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, 16 სახეობა დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციის მიხედვით;

დ) რეპტილიები: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლოა შეგხვდეს 18 სახეობის რეპტილია. აღნიშნული სახეობებიდან ორი სახეობა – ხმელთაშუაზღვისპირეთის კუ (Testudo graeca)  და დინიკის გველგესლა (Vipera dinniki) – შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში მოწყვლადი (VU) კატეგორიის სტატუსით. აღნიშნული სახეობები ასევე არის ბუნების დაცვის საერთაშორის კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში კატეგორიით მოწყვლადი (VU). გავრცელებული 17 სახეობიდან ხუთი სახეობა – ბოხმეჭა (Anguis colchica), კავკასიური ხვლიკი (Darevskia caucasica), ართვინის ხვლიკი (Darevskia derjugini), დინიკის გველგესლა (Vipera dinniki), ამიერკავკასიური მცურავი (Zamenis hohenackeri) – წარმოადგენს კავკასიის ენდემს, ხოლო ორი სახეობა – ჭაობის კუ (Emys orbicularis) და ხმელთაშუაზღვისპირეთის კუ (Testudo graeca) – დაცულები არიან ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე გავრცელებული სახეობებიდან დაცვის სტატუსის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავი სახეობები არიან: (i) ხმელთაშუაზღვისპირეთის კუ (Testudo graeca), რომელიც შესულია საქართველოს წითელი ნუსხაში და IUCN წითელ ნუსხაში კატეგორიით მოწყვლადი (VU) და ასევე, დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციის მიხედვით; და (ii) დინიკის გველგესლა (Vipera dinniki), რომელიც შესულია როგორც საქართველოს წითელი ნუსხაში, ასევე IUCN წითელ ნუსხაში კატეგორიით მოწყვლადი (VU) და ამავე დროს, წარმოადგენს კავკასიის ენდემს;

ე) ამფიბიები: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღწერილია 9 სახეობის ამფიბია, რომელთაგან ორი სახეობა – კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus) და კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) – წარმოადგენენ კავკასიის ენდემებს, ხოლო ერთი სახეობა – მცირეაზიური ტრიტონი (Ommatotriton ophryticus) – კავკასიის ენდემური ქვესახეობაა. ასევე, კიდევ ერთი სახეობა – კარელინის სავარცხლიანი ტრიტონი (Triturus karelinii) დაცულია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციის მიხედვით;

ვ) თევზები: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტერიტორიაზე შესაძლოა დაფიქსირდეს ოთხი სახეობის თევზი;

ზ) უხერხემლოები: ლაგოდეხის ენტომოფაუნის პირველი სრულყოფილი ნუსხა 1956 წელს გამოქვეყნდა (კობახიძე, 1956), სადაც მოყვანილია 16 რიგის 635 სახეობა. ახალი კვლევის მიხედვით (გ. ჯაფოშვილი, 2021), უხერხემლოები წარმოდგენილია განახლებული სიის სახით და შედგება 16 რიგის, 145 ოჯახის, 989 გვარის და 1702 სახეობისგან. დაცულ ტერიტორიებზე ფიქსირდება საფრთხის წინაშე მყოფი IUCN-ის შემდეგი წითელი ნუსხის სახეობები: ირანული შავტუხა (Erebia iranica), კუჰასტინის ლურჯი პეპელა (Plyommatus daphnis), ლურჯი ხის ფუტკარი (Xylocopa violacea), ალპური ხარაბუზა (Rosalia alpine), მსგავსი ნემსიყლაპია (Onychogomphus assimilis). ზურმუხტის ქსელის სახეობაა მჟაუნას მრავალთავა (Lycaena dispar). ნაკრძალში სხვადასხვა ენდემური მოლუსკია გავრცელებული, რომელთაგანაც გამოირჩევა კავკასიის ენდემი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუხის ლოკოკინა (Helix buchi), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაში მოწყვლადი სტატუსითაა შესული და ჩვეულებრივია მტკნარი წყლის კიბო (Potamon tauricum).

5. ამ მუხლში აღწერილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება და არაცოცხალი ბუნება შეიძლება შეჯამდეს ძირითად ღირებულებებში, რომელიც მოიცავს:

ა) ტყის ეკოსისტემებს (წიფლისა და ფართოფოთლოვანი ტყეები);

ბ) ალპურ და სუბალპურ მდელოებს;

გ) მტკნარ წყლებს (მდინარეები, ტბები);

დ) საფრთხის ქვეშ მყოფ ტყის მტაცებლებს (მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx));

ე) საფრთხის ქვეშ მყოფი ჩლიქოსნებს (აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), არჩვი (Rupicapra rupicapra));

ვ) ენდემურ და საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს (როჭო (Lirurus mlokosiewiczi), მთის არწივი (Aquila chrysaetos)