რელიეფი, გეოლოგია და ნიადაგები:

ა) რელიეფი:

ა.ა) ნაკრძალის ტერიტორია რთული მთიანი რელიეფითა და გეომორფოლოგიური სტრუქტურით ხასიათდება, რომლის ფორმირებაში მთავარი როლი მდინარეულ ეროზიას მიუძღვის. ძველი გამყინვარების კვალი მყინვარული რელიეფისა და მორენული ნაფენების სახით სუსტადაა გამოხატული და, ძირითადად, თხემისპირა ზოლში და ქოჩალოს მწვერვალზე გვხვდება;

ა.ბ) დაცულ ტერიტორიებზე ხუთი მთავარი წყალგამყოფი ქედია: მსხალგორის, უღელტეხილის, ნინიგორის, კუდიგორის და ქოჩალოს. ეს უკანასკნელი რთული მთიანი სისტემაა და, თავის მხრივ, მოიცავს მრავალ გვერდით შტოქედსა და ხეობას;

ა.გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უდაბლეს და უმაღლეს წერტილებს შორის სიმაღლე ზღვის დონიდან 400 მ-დან – 3,500 მ-მდე მერყეობს. რელიეფი სიმაღლის მიხედვით იცვლება. დაბალ სიმაღლეებზე 400-დან 500 მ.ზღ.დ. რელიეფი შედარებით რბილია. მდინარეების კალაპოტები განიერია და ფერდობები ზომიერად დაქანებული – 5-8°. 500 მეტრის ზემოთ რელიეფი მეტად რთულდება, ბევრია ღრმა ხეობა და ციცაბო კლდოვანი ფერდობი. რთული რელიეფი დომინირებს ზღვის დონიდან 1,550 მეტრამდე. საშუალო დაქანება 20-25°-ია. განსაკუთრებით ციცაბოა სამხრეთი ფერდობები, სადაც დაქანება 60°-საც კი აღწევს. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობები ნაკლებად დაქანებულია. ზღვის დონიდან 1,800 – 2,200 მ-ის სიმაღლეზე რელიეფი მეტად დანაოჭებულია, თუმცა დაქანება მცირეა – 15-20°. 2,200 – 2,600 მ. სიმაღლეზე ისევ დომინირებს დიდი დაქანების 30-40° ეროზიული და ციცაბო კლდოვან-ნაშალიანი ფერდობები. ზღვის დონიდან 2,600 – 2,850 მ-ზე მყინვარული რელიეფი ხასიათდება რბილი ფორმებითა და მაღალმთის ტალღური ვაკეებით. უფრო ზემოთ კი ჭარბობს დიდი დაქანების კლდე-ნაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები;

ბ) გეოლოგია და გეომორფოლოგია: ნაკრძალის რელიეფის უმეტესი ნაწილი აგებულია იურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომელიც დიდი დაქანების ფერდობებზე მრავალგან გაშიშვლებულია. ნაკრძალის ქვედა ზონებში მდინარისპირა ტერასები აგებულია მეოთხეული პროლუვიური (ქვიანი, ქვიშნარი) ნაფენებით, რაც ზოგან გამდიდრებულია ალუვიური ჩამონატანით;

გ) ნიადაგები: დაცულ ტერიტორიებზე ნიადაგის სხვადასხვა ტიპი გვხვდება, რომელიც განსხვავდება ნიადაგის ფენის სისქის, ტენის შემცველობის, სტრუქტურისა და ნაყოფიერების მიხედვით. ამ პარამეტრების ვარიაცია ხშირად დამოკიდებულია რელიეფზე, ექსპოზიციასა და სიმაღლეზე. სამხრეთ ფერდობებზე ტყით დაფარულ ქვედა ზონებში გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე გავრცელებულია მთამდელოს მცირე სიღრმის ხირხატიანი ჰუმუსიანი ნიადაგები. სუბალპური სარტყლის ზედა ნაწილში ნიადაგური საფარი, ძირითადად, შექმნილია მთა-მდელოს ჰუმუსიანი ნიადაგებით. ყველა სახის ნიადაგში დომინირებს თიხნარი ნიადაგები. დეკიანებში (Rhododendron) გვხვდება ტორფიან-ჰუმუსიანი მჟავე ნიადაგები. ალპური სარტყლის ნიადაგური საფარი დიდი დაქანების მქონე ფერდობებზე უმთავრესად წარმოდგენილია მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგებით;

დ) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით მცირე და მოზრდილი მდინარე და ნაკადულია. ნაკრძალის მთავარი მდინარეებია: კაბალი, ბაისუბნისხევი, ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისხევი, სალესავისხევი და მაწიმისწყალი. ყველა ეს მდინარე სათავეს დიდი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე იღებს და სამხრეთისკენ პარალელურად მოედინება. მდინარეები და ნაკადულები ალპური ჩქარი დინებით, ქვა-ღორღიანი და ხრეშიანი კალაპოტებითა და მაღალი სიმჟავის წყლით ხასიათდება. მდინარეები სხვადასხვა ზომის ჩანჩქერებს წარმოქმნიან. შრომისწყალზე 15-მდე ჩანჩქერია, რომელთა სიმაღლე 4 მ-დან 40- მ-მდე მერყეობს. მდინარე ლაგოდეხისხევს 10 ჩანჩქერი აქვს, რომელთაგან უმაღლესი 80 მ-ს აღწევს. მდინარე ნინოსხევზე მდებარე 40 მეტრიანი ჩანჩქერი ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს;

ე) მდინარეები და ნაკადულები არსებულ ხევებსა და უბეებს ბუნებრივად მიუყვება ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე. მდინარეებისა და ნაკადულების უმრავლესობა ხშირად იცვლის კალაპოტს წყალდიდობების შემდეგ. წყალდიდობები საკმაოდ ხშირია და თან დიდი რაოდენობის გამხმარი და მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე მოაქვს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს კალაპოტის ცვლას და ანელებს წყლის დინებას;

ვ) მაღალ ალპურ ზონაში არის მყინვარული წარმოშობის მრავალი ოლიგოტროპული ტბა. მათ შორის ყველაზე დიდია შავი კლდეების ტბა (ტბა ხალა ხელი), რომელიც საქართველოსა და დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიების საზღვარზე მდებარეობს. ამ ტბის ზედაპირის მთლიანი ფართობია 21 ჰა, ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 14 მ. ტბაში თევზი არაა, თუმცა აღინიშნებოდა თავკომბალებისა და უხერხემლო ცხოველების არსებობა;

ზ) დაცული ტერიტორიები მდიდარია მინერალური წყაროებით, რომლებიც განსაკუთრებით ბევრია ლაგოდეხისხევის ხეობაშ