1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მას უკავია 24,255 ჰა და მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს.

2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს 19,755 ჰექტარს. ნაკრძალი მოიცავს მაწიმისხევის, ლაგოდეხისხევის, შრომისხევის, ნინოსხევის, ბაისუბნისხევის და კაბალის მდინარეების აუზებს. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტნის რესპუბლიკა). ნაკრძალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მდ. მაწიმისწყალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან. სამხრეთიდან და დასავლეთიდან სახელმწიფო ნაკრძალს ესაზღვრება ლაგოდეხის აღკვეთილი, ხოლო დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარკვეულ ნაწილში ესაზღვრება სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ბაისუბნის და ფონის სატყეო უბნებს.

3. ლაგოდეხის აღკვეთილის  ფართობი შეადგენს 4,500 ჰექტარს. აღკვეთილი ორი ნაწილისაგან შედგება: სამხრეთით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებებსა და სახელმწიფო ნაკრძალს შორის არსებული ტყე და ჩრდილოეთით – ალპური საძოვარი, რომელიც გამოიყენება საზაფხულო საძოვრებად. ტყიან ნაწილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ხოლო სამხრეთიდან – დასახლებული პუნქტები (სოფ. გურგენიანი, სოფ. ხიზაბავრა, სოფ. ხიზა, სოფ. კავშირი, სოფ. შრომა, ქ. ლაგოდეხი, სოფ. რაჭისუბანი და სოფ. მაწიმი). აღკვეთილის ამ ნაწილის აღმოსავლეთის საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან და ესაზღვრება მდ. მაწიმისწყალი, დასავლეთის საზღვარს კი ბაისუბნის ქედი ქმნის, რომლის დასავლეთი ნაწილი სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაშია. აღკვეთილის ალპური საძოვრების ჩრდილოეთ საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტნის რესპუბლიკა), ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ალპური საძოვრებს. აღმოსავლეთის და სამხრეთის საზღვარს კი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ქმნის.

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლო საყოველთაო აღწერის მონაცემებით 41,678-ია. ნაკრძალისა და აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტებია: ქ. ლაგოდეხი, სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ხიზა, გურგენიანი, ხიზაბავრა, ბაისუბანი, ქვემო და ზემო მსხალგორი, კაბალი, განჯალა, უზუნთალა და ყარაჯალ