1. რელიეფი, გეოლოგია და ნიადაგები:
ა) რელიეფი:
ა.ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის კალაპოტის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2,700 მ-ზე მაღლა, გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა, ე. წ. ცირკებისა და კარების სახით;
ა.ბ) თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2,500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი – 4,492 მ-ზე – თებულოს მთა. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფ. შენაქოს, ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები;
ბ) გეოლოგია და გეომორფოლოგია:
თუშეთის დაცული ტერიტორიები გეომორფოლოგიურად შედის დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდის მაღალმთიანი ნაოჭა სისტემის ოლქში, კერძოდ, ნაწილობრივ ბაიოსის (პორფირიტების წყება) კლდოვანი ვულკანოგენურ-დანალექი ქანების და ქვედა და ზედა იურის კლდოვანი ფიქლების რაიონში. საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური დარაიონების მიხედვით ტერიტორია მიეკუთვნება დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდის მაღალმთიანი ნაოჭა სისტემის ოლქის, ქვედა და შუა იურული ასაკის კლდოვანი ფიქლოვანი ქანების რაიონს, რომელიც წარმოდგენილია მძლავრი (3000 მ) თიხა ფიქლების დასტით, ზედა ნაწილში უპირატესად ქვიშაქვებით კარბონატულ ცემენტზე. ლიასური ასაკის ქანები წარმოდგენილია იზოკლინური ნაოჭებით. თავისი ლითოლოგიური თავისებურებებით გამოიყოფა თიხოვანი და ასპიდური ფიქლები, იშვიათად ქვიშაქვები ქვედა და შუა ლიასური და არკაოზული ქვიშაქვები. გვხვდება პალეოგენ-ნეოგენის, ქვედა და ზედა იურის ფლიშური კლდოვანი ქანები და მეოთხეული ასაკის დელუვიური, ალუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნალექები. ქვედა და ზედა იურის ფლიშური ნალექები წარმოდგენილია ასპიდური დათიხული ფიქლებით, ქვიშაქვების შრეების იშვიათი ჩანართებით. მეოთხეული ასაკის ნალექები წარმოდგენილია დელუვიური თიხნარებით სხვადასახვა კონსისტენციის, ღორღისა და ლოდების ჩანართებით და პროლუვიური ღორღოვანი გრუნტით ლოდების ჩანართებით 20%-მდე, თიხნარის შემავსებლით. ალუვიური ნალექები, რომლებიც წარმოდგენილია ცუდად დამუშავებული კენჭნარი ლოდების ჩანართებით, გვხვდება მდინარის და ხევების ხეობებში, ასევე, ფერდობებზე მდინარის მიერ მილექილი მასალის სახით. მეოთხეული ასაკის ნალექებიდან, ასევე, აღსანიშნავია მორენული ნალექები, რომლებიც წარმოდგენილია ლოდებით და დაუმუშავებელი ანდეზიტების და დაციტების ცალკეული ბლოკებით. პროლუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნალექები დიდი გავრცელებით სარგებლობს ფერდობების ძირებში. მათი წარმოშობა დაკავშირებულია ფერდობების ინტენსიურ გამოფიტვასთან და წარმოდგენილია ფიქლების გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი ღორღოვან-კენჭნაროვანი თიხნარის შემავსებელი ღორღისა და ლოდების ჩანართებით. დელუვიური შრეები, რომლებსაც გააჩნიათ 5 მ-ზე ნაკლები სიმძლავრე, ძირითადად გვხვდება მთების ფერდობებზე, გარდა გაშიშვლებული კლდეებისა. დელუვიურ-პროლუვიური ნალექები გვხვდება მთის ხეობების ფერდობებზე, ზოგიერთ შემთხვევაში კეტავს ხეობებს და ხელს უწყობს მის მიგრაციას. ისინი ძირითადად წარმოდგენილია ცუდად დამუშავებული ნატეხებით, შეცემენტებული თიხოვანი ქვიშაქვების მასალით. ქანების კომპლექსის არაერთგვაროვანი ლითოლოგიური გენეტიკური კომპლექსური შემადგენლობა და უახლოესი ტექოტონიგენეზი სხვადასხვაგვარად აირეკლება თანამედროვე ეგზოგენურ გეოლოგიურ პროცესებზე. ტერიტორიაზე გამოყოფილია მთის ლითოლოგიური ფორმაციები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შემადგენლობით და ფიზიკო-მექანიკური თვისებებით. ასეთ ფორმაციებს მიეკუთვნება მეტამორფული ფლიშები (კარბონატო-ტერიგენული, ტერიგენო-კარბონატული, კარბონატულ-ფლიშური, ტერიგენო-ფლიშური, ტერიგენული, მოლასური, ეფუზიური, მთის მყინვარების და მდინარეების ფერდობებზე) შიგნითა ფორმაციების ლითოგენური შემადგენლობით, საინჟინრო-გეოლოგიური თავისებურებებითა და ზედაპირული ნალექების ცალკეული გენეტიკური ტიპებით, რომლებიც მეოთხეული ასაკისაა;
გ) გეოდინამიკური პროცესების მდგომარეობა:
რეგიონში გავრცელებულია მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესი: მეწყერები, ღვარცოფები, მდინარეული და ფერდობული ეროზია, დატბორვა, კლდეზვავები, ქვათაცვენა და სხვა. აღნიშნული პროცესები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ავსებენ და წინასწარ განსაზღვრავენ ერთმანეთს. მდინარეების, თუშეთის (გომეწრის) და პირიქითა ალაზნის დინების სახიფათო გეოდინამიკური პროცესებიდან განსაკუთრებით ვლინდება გვერდითი ეროზია, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით. ზოგიერთ ადგილებში მდინარის ძლიერი ნაკადი თითქმის 60°-70° ეჯახება ნაპირებზე განლაგებულ ყრილებს და რეცხავს ვაკისის ძირს. რეგიონის მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას ქმნის ღვარცოფული პროცესები, რომელთა ტრანსფორმაცია დაფიქსირებულია მთისწინეთიდან დაწყებული მთიანი ტერიტორიის ყველა გეომორფოლოგიურ ზონაში და მათი ფორმირების პერიოდი უმთავრესად ემთხვევა ივლის-აგვისტოს თვეებს. რეგიონში ღვარცოფმაფორმირებელი კერების მორფოლოგიიდან და მყარი მასალის მაფორმირებელი პირობებიდან გამომდინარე, ფართოდ არის განვითარებული, როგორც ეროზიულ-გრავიტაციული, ასევე გლაციალური წარმოშობის ღვარცოფები. ეროზიულ-გრავიტაციული ღვარცოფები გაბატონებულია მთისწინეთისა და საშუალო სიმაღლის მთიანეთის მიოპლიოცენისა და ეოცენის ფლიშური ნალექებით აგებულ ზონებში, ხოლო მაღალმთიან ზონაში სჭარბობს გლაციალური ტიპის ღვარცოფები. თუმცა, ორივე შემთხვევაში ღვარცოფული პროცესების მთავარ წყაროს თავსხმა წვიმების სახით მოსული ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს. რეგიონში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-აქტივიზაციას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ ექსტრემალური აქტივიზაცია აღინიშნებოდა გარკვეულ პერიოდში და მეორდებოდა სააშუალოდ 8-12 წელიწადში ერთხელ. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი აქტივიზაციის სიხშირის პერიოდი დაირღვა და მათ ექსტრემალურ გამოვლინებებს ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად. ტექტონიკურად ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმს და მის სამხრეთ ფერდობის ნაოჭა სისტემას. კერძოდ, ამ რაიონში შემოდის ანტიკლინორიუმის მხოლოდ ასპიდური ფიქლების აღმოსავლეთი დაძირვის ზონა. საქართველოს სეისმური დარაიონების მიხედვით, რეგიონი შედის 9-ბალიან სეისმურ ზონაში;
დ) ნიადაგები:
თუშეთში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. მთის ზედა სარტყელში უმთავრესად კარგად განვითარებული ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება. გავრცელებულია ამავე ტიპის ნიადაგის სუსტად განვითარებული ღორღიანი ნაირსახეობაც. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პრიმიტიულკორდიან-ღორღიანი ნიადაგები, როგორც ტყის, ისე – სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ხეობების ძირებზე, შედარებით ახალგაზრდა ტერასებზე, განვითარებულია მეორადი მდელოებით ან მურყნარით დაფარული პროლივიურ-დელუვიური ჭალის ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე და გამეჩხერებულ ფიჭვნარებსა და არყნარებში გვხვდება მთა-მდელოს სანახევროდ გაკორდებული ნიადაგები. დეკიანებისთვის დამახასიათებელია ტორფიან-ღორღიანი ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ჩრდილოეთის ფერდობებზე როგორც სუბალპურ, ისე ალპურ სარტყლებში. სუბალპურ ზონაში სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ციცაბო ფერდობებზე წარმოდგენილია პრიმიტიული კლდიან-ღორღიანი ნიადაგები. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებულია ქსეროფილური ბუჩქნარ-ბალახეული მცენარეულობა, ზოგან – მეტად მეჩხერი ფიჭვნარები (დანართი 4);
ე) ჰიდროლოგია:
ე.ა) თუშეთის ტერიტორია, არსებითად, საკმაოდ ვრცელ, გასწვრივ ქვაბულს წარმოადგენს. იგი ორი პარალელური ხეობისგან შედგება. ერთ ხეობაში გაედინება პირიქითის ალაზანი, ხოლო მეორეში – გომეწრის ალაზანი. მათ შორისაა ნაყაიჩო-მაკრატელას წყალგამყოფი გასწვრივი ქედი, რომელიც აწუნთის ქედს გამოეყოფა ამუგოს მწვერვალის მასივთან. მას აღმოსავლეთის მიმართულება აქვს და მთავრდება ომალოს პლატოთი. ამ პლატოს ძირზეა ზემოთ ხსენებული ორი ალაზნის შესართავი, რომელიც ზღ. დ-დან დაახლოებით 1,600 მ-ზე მდებარეობს (დანართი 5);
ე.ბ) პირიქითი ალაზნის შედარებით დიდი შენაკადია ლაროვანისწყალი, ხოლო გომეწრის ალაზნისა – ხისოსწყალი (ჭანჭახოვნის ხეობა), ორწყალი და ქიბდუხის ხევი. ეს შენაკადები მარჯვნიდან ერთვიან თუშეთის ალაზნებს. გომეწრის ალაზნის შედარებით დიდი მარცხენა შენაკადებია წოვათისწყალი და სამრულისწყალი, ხოლო თუშეთის შეერთებული ალაზნებისა – დიკლოსხაისწყალი. პირიქითის ალაზნის მარცხენა შედარებით მოზრდილი შენაკადებია ჩიღოსხაისწყალი, დიდხევი, ჭეროსხაისწყალი და ფარსმისხევი. ეს შენაკადები პირიქითის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოედინება. ასევე, უხვადაა წვრილ-წვრილი შენაკადები და წყაროები. თუშეთის რელიეფი ჰიდროგრაფიული ქსელით ძლიერაა დანაწევრებული. ზამთარში მდინარეების უმეტესობა ნაწილობრივ ან მთლიანად იყინება;
ე.გ) თუშეთში მრავლადაა სხვადასხვა წარმოშობის მცირე ზომის ტბები. მდ. ორწყალის სათავეებში წარმოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები. პატარა ტბები გვხვდება შავკილდისა და ვებუს სათავეებთანაც. მუდმივად გაყინული ტბა მდებარეობს კალოანის სათავეებში;
ე.დ) მაღალი მთის ჭაობები გვხვდება შენაქოს, ომალოს, თურსიეხისა და ხახაბოს მიდამოებში. მათი უმეტესობა ჩამოყალიბებულია ტბების ადგილას და ამჟამად მიწისქვეშა წყლებით იკვებება;
ე.ე) თუშეთი მდიდარია მინერალური წყლებით. ძლიერ მარილიანი წყაროა სოფელ ჩიღოში. მჟავე წყაროებია ვეძისხევის ძირში, ხოლო ტუტე წყლები გამოდის სოფლებში ომალო, შენაქო, ფარსმა, ჭონთიო და სხვ. რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლები გვხვდება დოჭუსა და ხახაბოსთა