1. დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში. კარგად მართული დაცული ტერიტორია უზრუნველყოფს იქ არსებული ჰაბიტატების დაცვას, მიწათსარგებლობის ცვლილების პრევენციას და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენას, ეს კი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას. დაცული ტერიტორიები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისებს და ამით ზრდიან კლიმატის ცვილებისადმი მედეგობას. თუმცა კლიმატის ცვლილება თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს თვითონ დაცულ ტერიტორიებზეც. ბევრმა დაცულმა ტერიტორიამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს თავისი ფუნქცია – დაიცვას ძირითადი სახეობები და მათი ჰაბიტატები.

2. კლიმატის ცვლილების სცენარის მიხედვით საპროგნოზო პერიოდში (2041-2070 და 2071-2100 წლები), საბაზისო პერიოდთან (1971-2000) მიმართებით, საქართველოს მთელ ტერიტორიზე მოსალოდნელია დათბობა.

3. ეს ცვლილება ზეგავლენას იქონიებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ყველა ეკოსისტემაზე მეტ-ნაკლებად, თუმცა ყველაზე სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები მაღალ მთაშია მოსალოდნელი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ ბიომში. ამასთან, კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ზედა საზღვრის ვერტიკალურად მაღლა წანაცვლება შეამცირებს ისედაც ვიწრო სუბ-ალპურ და ალპურ ზონას და, შესაბამისად, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებული იშვიათი სახეობების (არჩვი, ნიამორი, ჯიხვი, შურთხი, როჭო და სხვ.) ჰაბიტატებს. შეფასებების მიხედვით, თუშეთის დაცული ტერიტორიები ინვაზიური სახეობების ზეგავლენის მიღმა დარჩება, თუმცა, სავარაუდოა, გაიზარდოს არსებული მავნებლებისა და დაავადებების გააქტიურება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად სავარაუდოა ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურებაც. გასათვალისწინებელია, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია ვიზიტორთა მონახულების რაოდენობისა და პერიოდის ზრდა