1. თუშეთში ჰავა სიმაღლებრივი გავრცელებით არის გამოხატული. აქ წარმოდგენილია კლიმატის შემდეგი ტიპები:

ა) 1200-2000 მ სიმაღლეზე ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში;

ბ) 2000-2500 მ მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავა, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული;

გ) 2500 მ-ის ზემოთ მაღალმთის ჰავა, ცივი მკაცრი ზამთრით, მუდმივი თოვლით და მყინვარებით.

2. თუშეთის ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად იცვლება რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით. მაგალითად, საყორნეს უღელტეხილზე (2,970 მ. ზღ. დ.) საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 1,631 მმ; მდ. ორწყალის ხეობაში იგი 1,064 მმ-მდეა. სხვა ადგილებში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 700-900 მმ-ის ფარგლებში. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა კავკასიონის მთავარი ქედი და, საერთოდ, გომეწრის ალაზნის აუზი, სადაც ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 10%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პირიქითა ალაზნის ხეობაში. ეს სათანადოდ აისახება ამ ორი მდინარის წყლის რეჟიმებზეც. ნალექების რაოდენობის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ თუშეთის აღნიშნული ნაწილი უმთავრესად ტენიანდება სამხრეთიდან შემოჭრილი ტენიანი ჰაერის მასებით.

3. თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3.5°C-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14.2°C-ია, ხოლო იანვრისა – მინუს 9.1 °C (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31,5 °C-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – მინუს 26,1°C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში – აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით.

4. თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზ