1. თუშეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტი წარმოიქმნა სხვადასხვა ბუნებრივი პროცესებისა და ადამიანთა საქმიანობის შედეგად. გამოიყოფა შემდეგი ლანდშაფტები:

ა) ტყის ლანდშაფტები (დანართი 6):

ა.ა) საშუალო მთები, მთა-ხეობათა რელიეფით, ზომიერად ნოტიო ჰავით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარით. მცენარეული საფარი, ძირითადად, წარმოდგენილია კავკასიური ფიჭვით (Pinus Cochiana). ტყის ზონა წარმოდგენილია ტყის ზედა ქვესარტყლით, რომელიც ზღვის დონიდან 1,650 მ-დან 1,800-1,900 მეტრამდე ვრცელდება. ტყეების დიდ ნაწილს ეკოლოგიური ფუნქცია (წყალშენახვითი, ნიადაგდაცვითი) აქვს. ფიჭვის ტყის დიდი მასივები პირობებს ქმნის მთა-ტყის ლანდშაფტის საკურორტო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, უკანასკნელი შეიძლება დაკავშირებულ იქნეს აქ არსებული მინერალური წყლის გამოსასვლელებთან. ლანდშაფტური ზონის მდინარეებს ჰიდროენერგიის დიდი მარაგი გააჩნიათ. ომალოს, შენაქოს, დიკლოს მიდამოებში მდინარის ტალვეგიდან 250-400 მ სიმაღლეზე ვაკე-ბორცვიან რელიეფზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის (კარტოფილი, ქერი, ჭვავი, შვრია) ვარგისი უბნებია. ლანდშაფტს აქვს უნიკალური რესურსები – რეკრეაციის და ეკოტურიზმის განვითარებისთვის. თაფლოვან-ყვავილოვანი ხე და ბალახმცენარეულობა მეფუტკრეობის განვითარების შესაძლებლობას განაპირობებს. ლანდშაფტის ფარგლებში გეოდინამიკური პროცესებიდან აღინიშნება ღვარცოფული (სელური) მოვლენები;

ა.ბ) საშუალო მთები, მთა-ხეობათა რელიეფით, ტყის ღია ყომრალ ნიადაგებზე განვითრებული ფიჭვნარ-არყნარი და არყნარი ტყეებით. ძირითადად, გავრცელებულია ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე. უფრო მეტად გაბატონებულია არყნარი დეკას (Rhododendron Caucasicum) ქვეტყით და არყნარი ბრძამის (Calamagrostis alundinacea) საფარით. არყნარი სუბალპურ ზონაშიც გვხვდება ტანბრეცილი არყნარის სახით. არყნარები (ტანბრეცილი არყნარების ჩათვლით) გავრცელებულია ზღვის დონიდან 1,700-2,400 მ სიმაღლეებზე.

ბ) მაღალმთის მთა-მდელოთა ლანდშაფტები:

ბ.ა) მაღალი მთები, პალეოგლაციალური რელიეფით, დამრეცი ფერდობებით, კონტინენტური კლიმატით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, სუბალპური მდელოებით, მთა-მდელოს ნიადაგებით (2,200 მ-დან 2,260-2,800 მ). ფართოდ გავრცელებულია დეკა (Rhododendron Caucasicum), მათი დიდი ნაწილი სუბალპურ ტყეებს ზოლად მისდევს პირიქითის ალაზნის ხეობის გასწვრივ. სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე სუბალპურ სარტყელში და ტყის სარტყლის ზედა ნაწილში გავრცელებულია ღვიიანები (Juniperus oblonga, J. depressa, J. sabina). ღვიიანების უმეტესობა მეორეულ მცენარეებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ამ ადგილებში არსებული ფიჭვნარი ტყეების განადგურების (ტყის გაჩეხვა, ტყის ხანძრები) შემდეგ ჩამოყალიბდა. გვხვდება მთების სუბალპური ტანბრეცილი ტყის ფრაგმენტები, სუბალპური მდელო-ბუჩქნარით. გავრცელებულია, როგორც სამკურნალწამლო, ასევე ბუნებრივი საღებავის მომცემი მცენარეები. განვითარებულია მომთაბარე მეცხოველეობა ზაფხულის საძოვრებზე. ხელსაყრელია მეფუტკრეობის განვითარებისთვის. ლანდშაფტი ძვირფასი რესურსია სამთო-კლიმატური კურორტის მოწყობისათვის, ასევე, ალპინიზმის განვითარებისთვის (მწვერვალები დაქუეხი, ქომიტო, დანოსმთა, მოჭეხი, დიკლოსმთა) პირიქითის ქედზე;

ბ.ბ) მაღალი მთები სუბალპური და ალპური მდელოებით, მთა-მდელოს ნიადაგებით. ლანდშაფტს ვრცელი ტერიტორია უკავია 2,400-2,800 მ-ის ფარგლებში, განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები. თუშეთის სუბალპური მაღალბალახეულის შემადგენლობაში მონაწილეობს აღმოსავლეთ კავკასიონისთვის დამახასიათებელი სახეობები. ზოგან, უფრო რბილი რელიეფის პირობებში, ალპური მდელოს ფრაგმენტებიც გვხვდება. სუბალპური ბალახეული განვითარებულია დამრეც ფერდობებზე (არყნარი ტყეების ფანჯრები, ტყისპირები). ალპური მდელოები განვითარებულია 2,600 მ-დან 3,300-3,700 მ-მდე. მოსახლეობა დაკავებულია ადგილობრივი მეურნეობით, ბევრია სეზონური სადგომები მსხვილფეხა საქონლის (დაბალ ზონაში) და ცხვრის ფარებისთვის. გავრცელებულია ეროზიული პროცესები, თოვლის ზვავები;

გ) მაღალმთის ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტები, გლაციალურ-ნივალური, ეგზარაციული (მყინვარის მოქმედებით წარმოქმნილი) რელიეფით, სუბნივალურ სარტყელში (3,400 მ-დან იწყება). გავრცელებულია ღია ცენოზები (უპირატესად კლდე-ნაშალ-ღორღიანების მცენარეულობის სახით). ჭიუხებით, შიშველი და ციცაბო კლდეებით 3,500 მ-დან 3,700-3,800 მ-ს ზემოთ. მყინვარებით, დენუდაციური პროცესებით, კლდეზვავებით, თოვლის ზვავებით, ცივი, მკაცრი ჰავით. ლანდშაფტი მითითებული სიმაღლეების ზემოთ ვრცელდება, მაგრამ ზოგან, მყინვარების გავრცელების აუზში, გაცილებით ქვემოთ ეშვება.

2. თუშეთის დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორია – თუშეთის ზურმუხტის ტერიტორია (GE0000008) (https://www.coe.int/en/web/bern-convention/emerald-network-reference-portal), საერთო ფართობით 114,375.45 ჰა (დანართი 24