1. ფლორა და მცენარეულობა:

ა) თუშეთი, ისევე როგორც დიდი კავკასიონის სხვა რეგიონები, გამოირჩევა ფლორისტული მრავალფეროვნებით, უკანასკნელი კვლევების მიხედვით აქ გავრცელებულია 1100-მდე ჭურჭლოვანი მცენარე (დანართი 12). თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება შემდეგი ფიტოლანდშაფტური ეკოტოპები: 1. ფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული ტყე; 2. სუბალპური ტანბრეცილი ტყე; 3. სუბალპური და ალპური ბუჩქნარები დეკას სახით; 4. სუბალპური და ალპური მდელოები; 5. სუბნივალური მცენარეულობა; 6. ასევე, ცალკე გამოიყოფა ნაშლების ფლორისტული კომპლექსები;

ბ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი მცენარეები, როგორიცაა: მაღალმთის ქოთანა (Silene humilis), ფურისულა (Primula luteola), ჯადვარი (Gymnadenia conopsea), თელა (Ulmus glabra), არაბულა (Arabis mollis), ვავილოვია (Vavilovia formosa), Linnaea borealis. ასევე, თუშეთში გვხვდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიჭვის ბუნებრივი პოპულაცია (Pinus kochiana), რომლის ბუნებრივი განახლებაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

გ) თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილია მრავალი იშვიათი სახეობით, რომელთაგანაც:

გ.ა) 4 სახეობა შესულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006 წელი);

გ.ბ) 294 სახეობის მცენარე არის ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების წითელ ნუსხაში (IUCN red list), რომელთაგან 8-ს გააჩნია NT, 9-ს – VU და 1-ს – EN სტატუსი;

გ.გ) 282 სახეობის მცენარე შესულია კავკასიის წითელ ნუსხაში (Red list of the endemic plants of the Caucasus: Armenia, Azerbaijan, Georgia, Iran, Russia, and Turkey), რომელთაგან 27-ს გააჩნია NT, 5-ს – VU და 1-ს – EN სტატუსი;

გ.დ) 225 სახეობის მცენარე განეკუთვნება რეგიონის ან ქვეყნის ენდემს.

2. ფაუნა:

ა) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნის შესახებ არსებული მონაცემები საჭიროებს განახლებას და შემდგომ კვლევებს. ამჟამინდელი მონაცემებით თუშეთის დაცული ტერიტორიები ხასიათდება ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებით. გამოვლენილია 43 სახეობის მსხვილი, საშუალო და წვრილი ძუძუმწოვარი, რომელთაგან 8 სახეობა კავკასიის ენდემია (დანართი 13, 20). ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანი სახეობები, რომელთა შორისაა ნიამორი (Capra aegagrus) და კავკასიის ენდემი – აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (
Capra cylindricornis). ასევე, გავრცელებულია არჩვი (
Rupicapra rupicapra), ევროპული შველი (
Capreolus capreolus), გარეული ღორი (
Sus scrofa) და კეთილშობილი ირემი (
Cervus elaphus), რომელიც ხელახლა გამოჩნდა 2010 წელს და მისი რაოდენობა იზრდება. თუშეთი გამოირჩევა მსხვილ მტაცებელთა ფაუნის მხრივაც. აქ გვხვდება მურა დათვი (
Ursus arctos), მგელი (
Canis lupus), მელა (
Vulpes vulpes), ფოცხვერი (
Lynx lynx) და სხვა. 2021 წელს დაფიქსირდა ჯიქი
(Panthera pardus saxicolor). წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: კავკასიური ციყვი (
Sciurus anomalus), მცირე თხუნელა (
Talpa levantis), დაღესტნური მემინდვრია (
Microtus (Terricola) daghestanicus), გუდაურის მემინდვრია (
Chionomis gud), რადეს ბიგა (
Sorex raddei), კავკასიური ბიგა (
Sorex satunini) და ვოლნუხინის ბიგა (
Sorex volnuchini). აქ დაფიქსირებული ძუძუმწოვრებიდან 9 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია, მათგან ჯიქი
(Panthera pardus saxicolor), ფოცხვერი (
Lynx lynx), ნიამორი (
Capra aegagrus) და კეთილშობილი ირემი (
Cervus elaphus) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, არჩვი (
Rupicapra rupicapra) და მურა დათვი (
Ursus arctos) გადაშენების საფრთხის წინაშეა, ხოლო აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (
Capra cylindricornis), ნაცრისფერი ზაზუნა და კავკასიური ციყვი
(Sciurus anomalus) მოწყვლადი სახეობებია;

ბ) თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულია ფრინველთა დაახლოებით 180 სახეობა (დანართი 14). წარმოდგენილი სახეობებიდან დაახლოებით 52 მთელი წლის განმავლობაში მუდმივ მაცხოვრებელ და ადგილზე მობუდარ სახეობას წარმოადგენს. მათ შორისაა კავკასიის ენდემები: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus Caucasicus); 54 არის მიგრირებადი სახეობა და ადგილზე შემოდგომასა და გაზაფხულზე შეინიშნება. თუშეთში არსებული ფრინველთა 18 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“, რომელთაგან ბარი (გავაზა) (Falco cherrug) და მცირე (ველის) კირკიტა (Falco naumanni) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა, 3 სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე, 13 მოწყვლადი სახეობაა. ამავე დროს აქ არსებული სახეობიდან, რომლებიც IUCN-ის წითელ ნუსხაშია, 3 სახეობა – ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბარი (გავაზი) (Falco cherrug) და ველის არწივი (Aquila nipalensis) – გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ხოლო 3 სახეობა – ბექობის (თეთრმხრება) არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Clanga clanga) და ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) – მოწყვლადი სახეობაა.

3. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე რეპტილიების მინიმუმ 6 და ამფიბიების მინიმუმ 4 სახეობა გვხვდება. რეპტილიებს შორის დაღესტნური ხვლიკი (Darevskia daghestanica) და ლოტიევის გველგესლა (Vipera lotievi) გადაშენების საფრთხის ქვეშაა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით. ეს უკანასკნელი გადაშენების საფრთხის ქვეშაა გლობალურ დონეზეც და IUCN-ის წითელ ნუსხაშია, დინიკის გველგესლა (Vipera dinniki) კი მოწყვლადი სახეობაა საქართველოშიც და გლობალურადაც. (დანართი 15, 16)

4. თევზებიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ ერთი სახეობა – კასპიური მდინარის კალმახი (Salmo caspius) გვხვდება(დანართი 17).

5. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე უხერხემლოთა შესახებ ინფორმაცია მწირია. დაფიქსირებულია მოლუსკებისა და მწერების რიგი სახეობები (დანართი N19). აქ წარმოდგენილი პეპლებიდან (დანართი 18) აღსანიშნავია გლობალურად მოწყვლადი სახეობა აპოლონი (Parnassius apollo), ასევე კავკასიის ენდემი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი, კავკასიური აპოლონი (Parnassius nordmanni).

6. ველური ბიომრავალფეროვნების გარდა, თუშეთი მდიდარია შინაურ ცხოველთა ჯიშებითაც. რეგიონი სამი ენდემური ჯიშის წარმოშობის კერაა. ესენია: თუშური ცხენი (Equus ferus caballus), ქართული ნაგაზი (Canis Lupus familiaris) და თუშური ცხვარი (Ovis Aries).

7. თუშეთის დაცული ტერიტორია მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ წარმოდგენილია ძუძუმწოვრების 7, ფრინველების 2 და ამფიბიების 1 ენდემური სახეობა (დანართი 20).

8. თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება (ფლორა, ფაუნა და ეკოსისტემები) შეიძლება შეჯამდეს ბიომრავალფეროვნების ძირითად ღირებულებებში, რომელიც მოიცავს:

ა) სუბალპურ ტყეებს (არყნარები და ფიჭვნარები);

ბ) ალპურ და სუბალპურ მდელოებს;

გ) მაღალმთის ჭაობებს;

დ) საფრთხის ქვეშ მყოფ ტყის მტაცებლებს (ფოცხვერი (Lynx lynx)), ჯიქი (Panthera pardus);

ე) საფრთხის ქვეშ მყოფ ჩლიქოსნებს (აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), ნიამორი (Carpa aegagrus), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), არჩვი (Rupicapra rupicapra));

ვ) ენდემურ და საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს (როჭო (Lirurus mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus));

ზ) ენდემურ და საფრთხის ქვეშ მყოფ ჰერპეტოფაუნას (დინიკის გველგესლა (Vipera dinniki), ლოტიევის გველგესლა (Vipera Lotievi)