1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ნაწილში კავკასიონი არ გამოირჩევა დიდი სიმაღლის მთებით, მაგრამ მისი კალთები ზღვის დონიდან 400-დან 3,500 მ-მდე მკვეთრად აღიმართება ალაზნის ველის ვრცელი დაბლობიდან, რითაც მაქსიმალური სიმაღლეთა სხვაობა მთების ძირიდან წვერამდე 3,100 მ-ს აღწევს.

2. დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 13,000 ჰა) დაფარულია სხვადასხვა ტიპის ფოთლოვანი ტყეებით ზღვის დონიდან 400-1,850 მ-მდე. ლანდშაფტი წარმოადგენს ტყით დაფარულ მთიან მასივს წყალგამყოფებითა და ღრმა ხეობებით. აღინიშნება სტრუქტურითა და სახეობრივი შემადგენლობით განსხვავებული ფოთლოვანი ტყის სხვადასხვა ტიპი. ტყის ცენოზის კონკრეტული ტიპები ერთმანეთს ენაცვლება სიმაღლისა და ექსპოზიციის მიხედვით.

3. ტყის სარტყლის ზემოთ უკვე სუბალპური ლანდშაფტი გვხვდება, რომელსაც დაახლოებით 7,000 ჰა ფართობი უკავია ზღვის დონიდან 1,850 მ-ს და 2,500 მ-ს შორის. ამ ლანდშაფტისთვის დამახასიათებელია სუბალპური ტყეების, სუბალპური ბუჩქნარებისა და მდელოების მოზაიკა. ლანდშაფტების ამ სამი მთავარი ელემენტის გავრცელების კანონზომიერებები უმეტესწილად დამოკიდებულია ექსპოზიციასა და სიმაღლეზე. ზღვის დონიდან 1,800-2,200 მ-ზე რელიეფი საკმაოდ რთული და დანაწევრებულია, თუმცა, გვხვდება მარტივი ფორმებიც. სუბალპური მეჩხერი ტყეები, ჩვეულებრივ, ზღვის დონიდან 2,100-2,300 მ-ზეა განვითარებული და ხასიათდება განსხვავებული სტრუქტურისა და ფორმის თვალსაზრისით – უმთავრესად წარმოდგენილია მეჩხერი ე.წ. პარკისებური და ტანბრეცილი ტყეებით, რაც ძლიერი ქარებისა და თოვლის წნევისაგან არის განპირობებული.

4. ალპური ლანდშაფტები ზღვის დონიდან 2,450-2,500-დან 3,000 მ-მდე გვხვდება. ამ უტყეო ლანდშაფტებს დაახლოებით 4,000 ჰა ფართობი უკავია, ხასიათდება ციცაბო, კლდოვანი და ასევე რბილი და მომრგვალებული რელიეფებით. ეროზიული, კლდოვანი და კლდენაშალიანები ამ ლანდშაფტის მთავარი დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანია. რელიეფი მაღალი დახრილობით გამოირჩევა (35-40°). აღსანიშნავია, ე.წ. დემიდოვის ნაშლები, რომელიც ყველაზე დიდი ნაშალებია დაცულ ტერიტორიებზე. ლანდშაფტის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია შედარებით რბილი რელიეფის ფორმები (ე.წ. მყინვარული ცირკები) და მცირე მყინვარული ტბები. რბილი რელიეფი უმეტესად ალპური ზონის შუა ნაწილს ახასიათებს ზღვის დონიდან 2,600-2,850 მ-ის სიმაღლეზე. სხვადასხვა ფიზიკური თუ გარემო ფაქტორი ალპური მდელოების, კლდოვანი ფორმებისა და კლდენაშლიანების მოზაიკას ქმნის. ალპური მდელოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ალპური ხალები, რომელიც შედარებით უფრო ტენიან ადგილებში, ჩაღრმავებებსა და ვაკეებზე ვითარდება და მრავალფეროვანი ფლორით გამოირჩევა. ნაშალები მეჩხერი მცენარეული საფარით ხასიათდება და ფლორისტული შემადგენლობაც მეტად თავისებურია.

5. სუბნივალური ზონა ზღვის დონიდან 3,000-3,500 მ-ის სიმაღლეზე ვითარდება. ამ ზონისთვის დამახასიათებელია მეტად რთული რელიეფი დიდი დაქანების კლდენაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები. მცენარეები აქ მცირე დაჯგუფებების სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქარებისგან შედარებით დაცულ ადგილებში ვითარდება, სადაც ნიადაგის თხელი ფენაა წარმოქმნილ