პერსონალურ მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და მათთან მოპყრობა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კანონმდებლობას. დამატებით, გამოიყენება შემდეგი პრინციპები:
a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად;
b) პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად არც მონაცემთა გამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;
c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ უნდა სცილდებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც მოხდა მისი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:
– გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელები, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა),– პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი),– გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;
– სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;
d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდეს;
e) პერსონალური მონაცემები შენახული უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;
f) როგორც პერსონალურ მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა განხილვა, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ პერსონალური მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. ეს პუნქტი ითვალისწინებს მეორე მხარისათვის პერსონალურ მონაცემთა განხილვის, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;
g) მოთხოვნის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ;
h) პერსონალურ მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს პერსონალურ მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ წერილობით თანხმობას;
i) პერსონალურ მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემისა და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულებ