1. აქციზის გადასახადის დროებით შეჩერების რეჟიმით გადაადგილებულად აქციზური საქონელი ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გადაადგილდება მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დამუშავებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, ტვირთგამგზავნი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის წინასწარ ვერსიას უგზავნის გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაწყვეტილების (EU) 2020/263 1-ელ მუხლში მითითებული კომპიუტერიზებული სისტემის („კომპიუტერიზებული სისტემა") გამოყენებით.
3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის წინასწარ ვერსიაში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ ტვირთგამგზავნს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტს ანიჭებენ უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს და აცნობებენ მას ტვირთგამგზავნს.
4. მე-16(1) (a)(i), (ii) (iv), მე-16(1) (b) და მე-16(4) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანოები ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს დაუყოვნებლივ უგზავნიან დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც მას გადაუგზავნიან ტვირთმიმღებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ტვირთმიმღები არის საწყობის ავტორიზებული მმართველი ან რეგისტრირებული ტვირთმიმღები.
იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი განკუთვნილია გაგზავნის წევრ სახელმწიფოში საწყობის ავტორიზებული მმართველისთვის, ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი პირდაპირ უნდა გაუგზავნონ საწყობის ავტორიზებულ მმართველს.
5. ტვირთგამგზავნი, აქციზური საქონლის თანმხლებ პირს, ან საქონლის თანმხლები პირის არარსებობის შემთხვევაში, გადამზიდავს ან გადამტანს გადასცემს უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს. აქციზური საქონლის თანმხლები პირი, გადამზიდავი ან გადამტანი ვალდებულია ეს კოდი გადასცეს უფლებამოსილ ორგანოებს მათი მოთხოვნის საფუძველზე, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით საქონლის გადაადგილების მთელ პერიოდში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტის ამობეჭდილი ასლი.
6. ტვირთგამგზავნს შეუძლია გააუქმოს ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით მანამ, სანამ გადაადგილება არ დაიწყება მე-19(1) მუხლის შესაბამისად.
7. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებისას, ტვირთგამგზავნს შეუძლია, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, შეცვალოს აქციზური საქონლის დანიშნულების ადგილი ან აქციზური საქონლის მიმღები, მე-16(1) (a)(i), (ii), (iii) (v) მუხლში, ან საჭიროების შემთხვევაში, მე-16(4) მუხლში მითითებული ერთ-ერთი დანიშნულების ადგილით. ამ მიზნით ტვირთგამგზავნმა, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნოს დანიშნულების ადგილის ცვლილების შესახებ წინასწარი ელექტრონული დოკუმენტ