მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი წარმოადგენს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებისა და შედეგების მქონე აქტივობების ერთობლიობას, რომელიც ფიქსირებული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, და ქმნის აქტივს, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფისათვის სარგებელს ან/და მიღებული სარგებელის გამოყენების შესაძლებლობას.
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი გულისხმობს ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას. პროექტი მნიშვნელოვნად უნდა ზრდიდეს არსებული აქტივის შესაძლებლობებს ან წარმადობას, ან სიცოცხლის ხანგრძლივობას და აქტივის ფასს. არსებული აქტივების მოვლა-შენახვა, შეკეთება და თუნდაც კაპიტალური რეაბილიტაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტს, თუ არსებითად არ იცვლება აქტივის როლი ეკონომიკურ საქმიანობაში.
მცირე საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი წარმოადგენს 5 მლნ ლარამდე ღირებულების საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტს.
საშუალო საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი წარმოადგენს 5 მლნ ლარიდან 20 მლნ ლარამდე ღირებულების პროექტს.
მსხვილი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი წარმოადგენს 20 მლნ ლარის და მეტი ღირებულების პროექტს.
შესაბამის ბიუჯეტში გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ასახულია, შესაბამის ბიუჯეტზე თანდართულ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ“ დანართში;
ბ) კაპიტალური ხარჯები წარმოადგენს ხარჯებს, რომელიც მიიმართება აქტივის შესაქმნელად. იგულისხმება, როგორც მატერიალური აქტივები (შენობები, ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები), ისე არამატერიალური აქტივები (საინფორმაციო, საკომუნიკაციო, IT სისტემები). კაპიტალური ხარჯები მოიცავს არსებული აქტივის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (განახლება, რეკონსტრუქცია, გაფართოება). შესაბამისად, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით[1], კაპიტალური მიმართულების ხარჯები აღირიცხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“, „სხვა ხარჯების“ „კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებში. ზემოაღნიშნული არ მოიცავს მხოლოდ საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტებს და ამ პროექტების ჯამური მოცულობა კაპიტალური ხარჯების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს შეადგენს. ამ მეთოოლოგიის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია კაპიტალური ხარჯების გამიჯვნა შენახვისა და მიმდინარე შეკეთების ხარჯებისგან, ვინაიდან საინვესტიციო პროექტისათვის საჭიროა წინასწარ განზრახული საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება აქტივის ფიზიკურ მდგომარეობას;
გ) პროექტის მთლიანი ღირებულება – პროექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, როგორც აქტივის შექმნის, ასევე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვის ხარჯები დაფინანსების წყაროს (სახელმწიფო ბიუჯეტი, დონორის დაფინანსება, სესხები და/ან ბენეფიციარის თანადაფინანსება) მიუხედავად. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესით განსაზღვრული პროექტის ღირებულებას, ასევე შეიძლება დაემატოს სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა ვალდებულების (მათ შორის, პირობით ვალდებულებები) ღირებულება;
დ) საბოლოო ბენეფიციარი – საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული ან გაუმჯობესებული პროდუქტის ან/და მომსახურების საბოლოო მომხმარებელი;
ე) პროექტების წინასწარი შეფასება – პროექტის სტრატეგიული ამოცანის, ლოგიკური დასაბუთების, ბიუჯეტზე ზემოქმედების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის წინასწარი შეფასების პროცესი. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს პროექტის კონცეფციის ბარათის, ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის და სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული;
ვ) პროექტის საბოლოო შერჩევა – პროექტის კონცეფციის ბარათის, ხარჯთ-სარგებლიანობის ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ეკონომიკური საბჭოს მიერ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელების ან არგანხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ზ) პროექტის კონცეფციის ბარათი – პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პროექტის აღწერას, მიზნების და ამოცანების განსაზღვრას, პრობლემის იდენტიფიცირებას და გადაჭრის გზებს, ბიუჯეტზე გავლენის შეფასებას, რისკების შეფასებას, მათ შორის, სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რომელიც მზადდება წინასწარი შეფასების ეტაპზე;
თ) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა – ანალიტიკური კვლევა, რომელიც ხორციელდება შეფასების ეტაპზე სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად და მოიცავს შემოთავაზებული პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ შეფასებას, ასევე შეიძლება მოიცავდეს ეკოლოგიურ და სოციალურ შეფასებებს და ხორციელდება საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის საერთო მიზანშეწონილობისა და მდგრადობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად;
ი) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA – Cost-Benefit Analysis) – ფულად გამოსახულებაში პროექტის მოსალოდნელი ხარჯებისა და მოსალოდნელი სარგებლის რაოდენობრივი შეფასება ალტერნატიული ღირებულების შეფასების საფუძველზე;
კ) ხარჯთ-ეფექტიანობის ანალიზი (CEA – Cost-Effectiveness Analysis) – პროექტის საპროგნოზო შედეგების განსაზღვრა და ამ შედეგების მისაღწევად პროექტის განხორციელების იმგვარი სტრატეგიის შერჩევა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს მთლიანი დისკონტირებული კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც სარგებლის ფულადი ღირებულების შეფასება რთულია ან დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, ან იმისთვის, რომ არჩევანი გაკეთდეს ერთსა და იმავე ან მსგავსი შედეგების მომტან ალტერნატივებს შორის. მოცემული ანალიზი ხშირად გამოიყენება იმ პროექტების შეფასებისათვის, სადაც შედეგების მონეტარული ღირებულების შეფასება რთული ან შეუძლებელია;
ლ) წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV – Net Present Value) – პროექტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების (დადებითი და უარყოფითი) ჯამის დისკონტირებული ღირებულება;
მ) შიდა უკუგების დონე (IRR – Internal Rate of Return) – დისკონტირების ისეთი განაკვეთი, რომლის დროსაც პროექტის წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულის ტოლია.
ნ) ENPV (ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება) – პროექტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების, მათ შორის ეკონომიკური სარგებლისა და ხარჯების ჯამის დისკონტირებული ღირებულება;
ო) EIRR (ეკონომიკური შიდა უკუგების დონე) – დისკონტირების ისეთი განაკვეთი, რომლის დროსაც პროექტის ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულის ტოლია;
პ) ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (Benefit cost ratio) – პროექტის სიცოცხლის ხანგრძლივობის მთელი პერიოდის მანძილზე მთლიანი დისკონტირებული სარგებლის თანაფარდობა მთლიან დისკონტირებულ ხარჯებთან;
ჟ) გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) – შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განმარტებას და მზადდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) სოციალური ზემოქმედების შეფასება – პროექტის პოტენციური უარყოფითი და დადებითი სოციალური შედეგების შეფასება, როგორებიცაა: შემოსავლის გადანაწილება, სიღარიბე, უმუშევრობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. სოციალური ზემოქმედების შეფასების დროს კეთდება არა მთელი საზოგადოების ზარალისა და სარგებლის სიდიდის ანალიზი, არამედ ანალიზი იმისა, თუ ვინ ზარალდება და ვინ იღებს სარგებელს პროექტის შედეგად (ამ უკანასკნელთა შეფასება ხდება ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის დროს);
ს) ალტერნატიული ღირებულება – რესურსის ღირებულება საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში. ეკონომიკური ანალიზის დროს პროექტის შეძენილი რესურსის ალტერნატიული ღირებულება არის მისი ზღვრული სოციალური ღირებულება საუკეთესო ალტერნატიული გამოყენების (რომელიც პროექტს არ უკავშირდება) ან ამჟამინდელი გამოყენების შემთხვევაში (იზომება გადახდისადმი მზადყოფნის საფუძველზე), თუ ეს საბოლოო პროდუქტი ან მომსახურებაა (მათ შორის, სახელმწიფო დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი);
ტ) გარე ფაქტორები (Externalities) – ხარჯი ან სარგებელი, რომელიც პირდაპირ არ აკუმულირდება პროექტის განმახორციელებელი სუბიექტის ანგარიშებზე (ანუ ის არ შეიძლება აისახოს ფინანსურ ანგარიშებში, რადგანაც საბაზრო ფასი არ აქვს) ან/და რომელიც ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით პროექტს პირდაპირ ვერ დაუკავშირდება. იგი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური;
უ) ეფექტიანობა – პროექტის გამოყენებული რესურსის შეფასება მიღებულ შედეგთან/პროდუქტთან მიმართებაში;
ფ) ეფექტურობა – პროექტის შეფასება იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებულია პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შედეგები/პროდუქტები. პროექტის ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებების მიღებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს;
ქ) დისკონტირება – პროცესი, რომლის დროსაც მომავალში მისაღები სარგებელი და გასაწევი ხარჯების ნომინალური ინდიკატორები გამოსახულია მიმდინარე ღირებულებაში, „დისკონტირების განაკვეთი“ არის უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის ანალოგიური წლიური განაკვეთი, რომლითაც მომავალ ხარჯებსა და სარგებელს ამცირებენ შესადარებელი მიმდინარე ღირებულებების დასადგენად. აღნიშნული განაკვეთი ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისთვის ერთი და იგივეა;
ღ) ეკონომიკური საბჭო – ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი ეკონომიკური საბჭო;
ყ) სამუშაო ჯგუფი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტთან მიმართებაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ანალიზს პროექტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, აწარმოებს საინვესტიციო პროექტების ერთიან რეესტრს და ახორციელებს მეთოდოლოგიით განსაზღვრული პროცედურების შესრულების მონიტორინგს. სამუშაო ჯგუფის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;
შ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი (PPP) – პროექტი, რომელიც შეესაბამება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებს პროექტის განხორციელების შესაბამისი ეტაპისათვის;
ჩ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა (VFM) – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეფასება;
ც) ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით განსაზღვრული მეთოდოლოგია;
ძ) კლიმატის რისკების იდენტიფიცირება/სკრინინგი - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების ზემოქმედების განსაზღვრა პროექტზე;
წ) ნარჩენი ღირებულება - სხვაობა ძირითად საშუალებასა და აკუმულირებულ ცვეთას შორის. იგი გამოხატავს პროექტის ბოლო წლისათვის, აქტივის სასიცოცხლო ციკლის ამოწურვამდე დარჩენილ ღირებულებას;
ჭ) საოპერაციო ხარჯები (OPEX) – პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი, ახალი ან განახლებული სერვისის/ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
ხ) საოპერაციო შემოსავლები – მიწოდებული საქონლის ან მომსახურების რეალიზაციით მიღებული ფულადი სახსრები, მაგალითად, საფასური ინფრასტრუქტურით სარგებლობისთვის (მაგალითად, ავტომაგისტრალის სარგებლობის საფასური), მიწის ან შენობა-ნაგებობის გაყიდვა ან გაქირავება. საოპერაციო შემოსავლები არ მოიცავს ტრანსფერებს ან სუბსიდიებს (მაგალითად, გადარიცხვები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან) და არ მოიცავს სხვა ფინანსურ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის პროექტის განხორციელებასთან.
პროექტის წინასწარი შეფასე