1. ფინანსური ანალიზი პროექტების წინასწარი შეფასების ეტაპზე
ა) ფინანსური ანალიზის ჩატარება აუცილებელია პროექტის მომგებიანობის, პროექტის ფინანსური მდგრადობის შეფასების და ბიუჯეტზე გავლენის განსაზღვრის მიზნით;
ბ) ფინანსური ანალიზი ტარდება მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში პროექტის ხარჯების და მისი განხორციელებით მიღებულ მოსალოდნელ შემოსავლებთან შედარების მიზნით, რომელიც დისკონტირებულია ფულადი სახსრების მეთოდის გამოყენებით. ფინანსური ანალიზი ხორციელდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ბ.ა) ანალიზში განიხილება ფულადი ნაკადების შემოდინება და გადინება;
ბ.ბ) მომავალი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულება გამოითვლება დისკონტირების განაკვეთით;
ბ.გ) ფულადი ნაკადების პროგნოზირების წლების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პროექტის სასიცოცხლო ციკლის (საანგარიშო პერიოდი) ხანგრძლივობას;
ბ.დ) „არაფრის კეთების“ ალტერნატივა მისი შესაბამისი მომავალი ფულადი ნაკადებით უნდა იყოს გაანგარიშებული და უნდა შედარდეს პროექტის ალტერნატივებს;
ბ.ე) ფინანსური ანალიზი უნდა მომზადდეს მუდმივი (რეალური) ფასების გათვალისწინებით;
ბ.ვ) ფინანსური ანალიზი უნდა მომზადდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით;
გ) ფინანსური ანალიზის საბოლოო შედეგები წარმოდგენილია ორი ფინანსური ინდიკატორის სახით – წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) და შიდა უკუგების დონე (IRR). ასევე, არსებობს დამატებითი ინდიკატორის, ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტის (BCR) გათვალისწინების შესაძლებლობა;
დ) პროექტის განხორციელების ან განუხორციელებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის ფინანსური ანალიზი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არ წარმოადგენდეს გადამწყვეტ ფაქტორს (პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია მაშინაც კი, თუ მისი ფინანსური მომგებიანობის მაჩვენებლები უარყოფითია), იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სექტორში განხორციელებული ბევრი პროექტი არ წარმოადგენს ფინანსური სარგებლის მომტან პროექტს. ფინანსური ანალიზი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, განსაზღვრავს ფინანსური ხარჯების ოდენობას, რაც მოგვიანებით აისახება ეკონომიკურ ანალიზში;
ე) წინასწარი შეფასების ეტაპზე ფინანსური ანალიზის მომზადებისას აუცილებელია არანაკლებ შემდეგი ინდიკატორების გაანალიზება:
ე.ა) პროექტის მთლიანი ღირებულება (კაპიტალური დანახარჯები – CAPEX), რომელიც მოიცავს პროექტის საწყის საინვესტიციო ხარჯებს (პროექტის ყველა მატერიალური და არამატერიალური აქტივების კაპიტალური ხარჯების ჩათვლით) და კაპიტალური აქტივების ჩანაცვლების ხარჯებს (გარდა მოვლა-შენახვის და სხვა საოპერაციო ხარჯებისა);
ე.ბ) ნარჩენი ღირებულება გამოხატავს პროექტის პროგნოზის ბოლო წლისათვის, აქტივის სასიცოცხლო ციკლის ამოწურვამდე დარჩენილ ღირებულებას და წარმოადგენს სხვაობას ძირითად საშუალებასა და აკუმულირებულ ცვეთას შორის. ნარჩენი ღირებულების გაანგარიშებაში არ მონაწილეობს მოვლა-შენახვის ხარჯები;
ე.გ) საოპერაციო ხარჯები (OPEX) მოიცავს პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აქტივების მოვლა-შენახვასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკური მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. საოპერაციო ხარჯებია მაგალითად: მოვლა-შენახვის, შრომის ანაზღაურების, ოფისის, კომუნალური, ტექნიკური მომსახურების (აქტივების ტექნიკური მომსახურება ან შეკეთება, მიმდინარე რემონტი), დასუფთავების და სხვა ხარჯები;
ე.დ) საოპერაციო შემოსავლები მოიცავს პროექტის შედეგად წარმოებული საქონლისა და/ან მომსახურების გაწევიდან მიღებულ ფულად სახსრებს. აღნიშნული შემოსავლების ოდენობის პროგნოზირება ხდება საოპერაციო წლებში მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების ღირებულების და სავარაუდო რაოდენობის გათვალისწინებით. მათი შეფასება უნდა განხორციელდეს მიმდინარე და მომავალი მოთხოვნების პროგნოზის საფუძველზე, არსებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გათვალისწინებით. საოპერაციო შემოსავლები არ უნდა მოიცავდეს ტრანსფერებს ან სუბსიდიებს და ასევე სხვა ფინანსურ შემოსავალს;
ვ) პროექტის თითოეული ალტერნატივის ფინანსური მაჩვენებლების შედარების მიზნით, უნდა მომზადდეს დიფერენცირებული ფულადი ნაკადების გაანგარიშება. კერძოდ:
ვ.ა) დიფერენცირებული ფულადი ნაკადები შეადგენს პროექტის განხორციელების თითოეულ ალტერნატივას და „არაფრის კეთების“ ალტერნატივას შორის სხვაობას;
ვ.ბ) ხორციელდება პროექტის თითოეული ალტერნატივის ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა და ერთმანეთთან შედარება, მათ შორის, საუკეთესო ალტერნატივის განსაზღვრის მიზნით;
ზ) ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშება
ზ.ა) წმინდა მიმდინარე ღირებულების (NPV) გამოთვლა
ზ.ა.ა) წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) წარმოადგენს პროექტის ფინანსურ შემოსავლებსა და ფინანსურ ხარჯებს შორის სხვაობას, რომლებიც დისკონტირებულია მიმდინარე ღირებულებით. წმინდა მიმდინარე ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც,B – დადებითი ფულადი ნაკადები (სარგებელი),C – უარყოფითი ფულადი ნაკადები (ხარჯი),r –დისკონტირების განაკვეთი
t – დრო (წლებში).
ზ.ა.ბ) პროექტი მომგებიანია, თუ წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სარგებლის მთლიანი დისკონტირებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი დისკონტირებული ხარჯი.
ზ.ბ) შიდა უკუგების დონე (IRR)
ზ.ბ.ა) პროექტის შესაფასებლად შიდა უკუგების დონე (IRR) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ:
ზ.ბ.ა.ა) ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია ისეთი დისკონტის განაკვეთის პოვნა, რომელიც წმინდა მიმდინარე ღირებულებას (NPV) ნულს გაუტოლებს;
ზ.ბ.ა.ბ) შესაძლებელია არსებობდეს ერთზე მეტი დისკონტირების განაკვეთი, რომელიც ნულოვან წმინდა მიმდინარე ღირებულებას (NPV) მოგვცემს;
ზ.ბ.ა.გ) შიდა უკუგების დონე (IRR) შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მასშტაბის პროექტების შესადარებლად. შიდა უკუგების დონე (IRR) უფრო რელევანტურია ურთიერთგამომრიცხავ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე ინდივიდუალური პროექტის და მისი ალტერნატივების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებისას;
ზ.გ) ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (Benefit Cost Ratio – BCR) – თუ ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (BCR) ერთზე მეტია, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი აღემატება გაწეულ ხარჯებს, რაც დადებით ფაქტორად მიიჩნევა.
2. ეკონომიკური ანალიზი პროექტების წინასწარი შეფასების ეტაპზე
ა) ეკონომიკური ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი ეფუძნება ფინანსური ფულადი სახსრების ნაკადების ანალიზს. ეკონომიკური ანალიზის უმთავრესი მიზანია ინვესტიციის განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასება, როგორც მთელი საზოგადოების ჭრილში, ასევე ეროვნულ დონეზე და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სარგებლიანად ხდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ეკონომიკური რესურსების გამოყენება;
ბ) ეკონომიკური ანალიზი სამი ეტაპისგან შედგება:
ბ.ა) შესაბამისი სარგებლისა და ხარჯების განსაზღვრა:
ბ.ა.ა) საჭიროა მოხდეს შესაბამისი ხარჯებისა და სარგებლის ძირითადი სახეების იდენტიფიცირება. შეფასებები უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან ამ კონკრეტული პროექტისთვის დამატებით გასაწევ ხარჯებზე დაყრდნობით. ისეთი ხარჯები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა გაღებული, უნდა გამოირიცხოს. ხარჯები შემოთავაზებული ინვესტიციის მთლიანი პერიოდისთვის უნდა შეფასდეს;
ბ.ა.ბ) ხარჯების იდენტიფიცირების სიზუსტე განსხვავებული იქნება პროექტის მნიშვნელობისა და მონაცემთა ხელმისაწვდომობის მიხედვით. ნათელი უნდა იყოს ყველა საპროგნოზო კაპიტალური და მიმდინარე ხარჯის შეფასება, მათ შორის მითითებული უნდა იყოს გამოყენებული დაშვებები, როგორიცაა მაგ.: მომუშავეთა ფაქტობრივი ხარჯები, ენერგიის მოხმარების ფაქტობრივი ხარჯები, მოთხოვნის ზრდა ან ფაქტობრივი გადასახდელები/განაკვეთები;
ბ.ა.გ) ხარჯების და სარგებლის შეფასება უნდა იყოს თანმიმდევრული და სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტების შედარების საშუალებას იძლეოდეს. ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, სარგებელი ფულადი გამოსახულებით უნდა დადგინდეს. ხშირად შესაძლებელია სხვადასხვა პირობითი ფინანსური ზომების მიღება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი შეფასება შესაძლებელია დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, პროექტის მასშტაბისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მხარჯავი დაწესებულების მიერ უნდა მოხდეს განსაზღვრა თუ რა სირთულის ანალიზი ჩატარდება. შეუძლებელია ყველა ხარჯის და სარგებლის ფულადი გამოსახულებით შეფასება. ის ხარჯები და სარგებელი, რომლებიც ვერ დგინდება ფულადი გამოსახულებით, უნდა აისახოს პროექტის კონცეფციის ბარათში ხარისხობრივი ანალიზის სახით. სადაც შესაძლებელია, აღნიშნული ხარჯები და სარგებელი უნდა გამოისახოს ფიზიკურ სიდიდეებში;
ბ.ა.დ) ეკოლოგიური და სოციალური ანალიზის/ზემოქმედების შეფასების საჭიროებები წინასწარი შერჩევის სტადიაზე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ეკონომიკური ანალიზის დროს სასურველია ეკოლოგიური და სოციალური ხარჯებისა და სარგებლის იდენტიფიცირება, შეფასება და ხარჯებისა და სარგებლის გაანგარიშებებში შეტანა. თუ ეს შეუძლებელია, ეს ხარჯები და სარგებელი რაოდენობრივად უნდა შეფასდეს (მათი მასშტაბურობისა და ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით) და ანალიზში ხარისხობრივი მახასიათებლების სახით იქნეს შეტანილი;
ბ.ა.ე) ხშირად სათბური აირების ემისიების ზრდა/კლება წარმოადგენს პროექტის მნიშვნელოვან ხარჯს/სარგებელს. სათბური აირების ზემოქმედება წარმოადგენს გლობალურ, გრძელვადიან და საერთაშორისო ვალდებულებებს დაქვემდებარებულ ზემოქმედებას, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტის შეფასებისას;
ბ.ა.ვ) პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ეკოლოგიური და სოციალური ანალიზის კიდევ ერთი ასპექტი გულისხმობს პროექტის დიფერენცირებული ზემოქმედების შეფასებას გარკვეულ ეკოსისტემებზე/ტერიტორიებზე ან სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობით, სოციალური სტატუსით, შემოსავლებით, ეთნიკური წარმომავლობით, გენდერული ასპექტით და სხვა მსგავსი ფაქტორებით განსხვავდებიან. პროექტისა და მისი ალტერნატიული ვარიანტების შეფასების დროს ეს დიფერენცირებული ზემოქმედებები მთელ საზოგადოებაზე პოტენციური ზემოქმედებისაგან განცალკევებით უნდა იყოს განხილული, რადგანაც ისინი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს შორის არაპროპორციულად განაწილდნენ, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს;
ბ.ა.ზ) თუ გარკვეული ეკოლოგიური და სოციალური ხარჯები/დანაკარგები რომელიმე კონკრეტული ეკოსისტემის ან ჯგუფის შემთხვევაში დაუშვებლად მაღალია, შეიძლება აუცილებელი გახდეს სათანადო შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შემარბილებელი ღონისძიებების ხარჯები, ისევე როგორც მათთან დაკავშირებით განსახორციელებელი გაუმჯობესებების ხარჯები, ეკონომიკურ ანალიზში უნდა იყოს შეტანილი;
ბ.ბ) შესაბამისი ხარჯებისა და სარგებლის შეფასება
ბ.ბ.ა) ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასების ძირითადი პრინციპებია:
ბ.ბ.ა.ა) პროპორციულობა: კონკრეტული პროექტის მიხედვით ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასებისთვის შეიძლება საჭირო იყოს დიდი რესურსის გამოყენება, კვლევების ჩატარება და სიღრმისეული ანალიტიკური სამუშაოს შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადად არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ყველა პროექტისთვის საჭირო იქნება ერთნაირად სიღრმისეული კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, მათი განსხვავებული მასშტაბიდან გამომდინარე;
ბ.ბ.ა.ბ) საბაზრო ფასების გამოყენება: იმის მიუხედავად, რომ ცვლილების საჭიროება შეიძლება ხშირად გაჩნდეს, სტანდარტულად იგულისხმება, რომ საბაზრო ფასები საუკეთესო საწყისი ათვლის წერტილია ხარჯებისა და სარგებლის სიდიდეების შეფასების დროს;
ბ.ბ.ა.გ) ფაქტობრივი ფასების გამოყენება: ხარჯები და სარგებელი მოცემული უნდა იყოს რეალურ გამოსახულებაში. ხარჯები და სარგებელი შეფასებული უნდა იყოს ჩვეულებრივი საბაზისო წლის ფასებით, რომლის შესახებაც ყველა ანალიტიკოსსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს. როგორც წესი საბაზისო წლად მიმდინარე წელს იღებენ;
ბ.ბ.ა.დ) იმ გადასახადების, სუბსიდიების და ტრანსფერების ცვლილება, რომლებიც სავარაუდოდ ზემოქმედებას მოახდენენ უპირატესად მიჩნეულ ალტერნატივაზე: არაპირდაპირი გადასახადები (მაგ.: დღგ), სუბსიდიები და სოციალური ტრანსფერები (მაგ.: სოციალური დახმარებები) ეკონომიკური რესურსების მოხმარებას ან შექმნას არ იწვევენ. ისინი უბრალოდ ასახავენ რესურსების გადანაწილებას საზოგადოების ერთი ნაწილიდან მეორეში. ამრიგად, ისინი გათვალისწინებული არ უნდა იყოს ხარჯებისა და სარგებლის შეფასებაში;
ბ.გ) ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება
ბ.გ.ა) ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულების (ENPV) გამოთვლა
ბ.გ.ა.ა) ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება წარმოადგენს პროექტის ეკონომიკურ ხარჯებსა და ეკონომიკურ სარგებელს შორის სხვაობას, რომლებიც დისკონტირებულია მიმდინარე ღირებულებით. ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
B – დადებითი ფულადი ნაკადები (ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი);
C – უარყოფითი ფულადი ნაკადები (ფინანსური და ეკონომიკური ხარჯები);
r – დისკონტირების განაკვეთი
t – დრო (წლებში).
შენიშვნა: ფინანსური და ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV და ENPV) გამოითვლება ერთი და იგივე ფორმულით, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში გამოიყენება ფინანსური, ხოლო მეორე შემთხვევაში ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლები.
ბ.გ.ა.ბ) წმინდა ფულადი ნაკადების დისკონტირება – მომავალი ხარჯების და სარგებელის დისკონტირება უნდა მოხდეს მიმდინარე ღირებულებით;
ბ.გ.ა.გ) ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზში გადაწყვეტილების მიღების უპირატეს კრიტერიუმს წარმოადგენს ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება (ENPV);
ბ.გ.ა.დ) პროექტი სიცოცხლისუნარიანია, თუ ეკონომიკური წმინდა მიმდინარე ღირებულება ნულზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სარგებლის მთლიანი დისკონტირებული ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი დისკონტირებული ხარჯი;
ბ.გ.ბ) ეკონომიკური შიდა უკუგების დონე (Economic Internal Rate of Return – EIRR) არის ისეთი დისკონტირების განაკვეთი, რომელიც პროექტის ფულადი ნაკადების (ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებელსა და ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯებს შორის სხვაობა) პროგნოზების გათვალისწინებით, ნულოვან წმინდა მიმდინარე ღირებულებას (NPV) გვაძლევს;
ბ.გ.ბ.ა) პროექტის შესაფასებლად ეკონომიკური შიდა უკუგების დონე (EIRR) უმეტეს შემთხვევაში, ხელშესახებ შედეგებს იძლევა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ:
ბ.გ.ბ.ბ) ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია ისეთი დისკონტის განაკვეთის პოვნა, რომელიც ეკონომიკურ წმინდა მიმდინარე ღირებულებას (ENPV) ნულს გაუტოლებს;
ბ.გ.ბ.გ) შესაძლებელია არსებობდეს ერთზე მეტი დისკონტირების განაკვეთი, რომელიც ნულოვან ეკონომიკურ წმინდა მიმდინარე ღირებულებას (ENPV) მოგვცემს;
ბ.გ.ბ.დ) ეკონომიკური შიდა უკუგების დონე (EIRR) შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მასშტაბის პროექტების შესადარებლად. ეკონომიკური შიდა უკუგების დონე (EIRR) უფრო რელევანტურია ურთიერთგამომრიცხავ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე ინდივიდუალური პროექტის და მისი ალტერნატივების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებისას;
ბ.გ.გ) ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (Benefit Cost Ratio – BCR) – თუ ხარჯთ-სარგებლიანობის კოეფიციენტი (BCR) ერთზე მეტია, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი აღემატება გაწეულ ხარჯებს, რაც დადებით ფაქტორად მიიჩნევა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) საშუალო და მსხვილი პროექტებისთვის უნდა მომზადდეს ამ მეთოდოლოგიის დანართი №2-ის შესაბამისად, ხოლო მცირე პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშებები – დანართი №3-ის შესაბამისა