ამ წესების მიზნებისთვის:
(ა) გავრცელების ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ამ წესებს რთავს ორმხრივ შეღავათიანი ვაჭრობის შეთანხმებაში, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციის მეორე ხელშემკვრელ მხარესთან და არის ამ შეთანხმების მხარეები;
(ბ) "თავები", "სათაურები" და "ქვესათაურები" ნიშნავს თავებს, სათაურებსა და ქვესათაურებს (ოთხნიშნა ან ექვსნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას ("ჰარმონიზებული სისტემა"), საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 2004 წლის 26 ივნისის რეკომენდაციის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებებით;
(გ) "კლასიფიცირებული" ნიშნავს საქონლის კლასიფიკაციას ჰარმონიზებული სისტემის კონკრეტული სათაურით ან ქვესათაურით;
(დ) „პარტია“ ნიშნავს პროდუქციას, რომელიც:
(i) ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან; ან
(ii) მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ერთ ანგარიშფაქტურაში;
(ე) „მხარის საბაჟო ორგანოები ან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე” ევროკავშირისთვის ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნებისმიერ საბაჟო ორგანოს;
(ვ) "საბაჟო ღირებულება" ნიშნავს ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება 1994 წელს ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების VII მუხლის (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ) შესრულების შესახებ შეთანხმების შესაბამისად;
(ზ) “ფრანკო-ქარხნის ფასი" ნიშნავს პროდუქტზე ქარხნის ფასს, გადახდილს მწარმოებლისთვის იმ სახელმწიფოში, რომლის პასუხისმგებლობითაც ხდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას, გარდა ნებისმიერი სახის შიდა გადასახადებისა, რაც ანაზღაურებული იქნება, ან შეიძლება ანაზღაურდეს მიღებული პროდუქციის ექსპორტირების შემდეგ. როდესაც საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება ხდება მწარმოებლის ქვეკონტრაქტირებით, ტერმინი „მწარმოებელი” ნიშნავს საწარმოს, რომელმაც დაიქირავა ქვეკონტრაქტორი.
როდესაც გადახდილი მიმდინარე ღირებულება არ მოიცავს პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, რომელიც რეალურად წარმოიშობა მხარეში, ფრანკო-ქარხნის ფასი ნიშნავს ყველა იმ ხარჯის ჯამს, ნებისმიერი შიდა გადასახადის გამოკლებით, რომელიც ანაზღაურდება ან შეიძლება ანაზღაურდეს, როდესაც მიღებული პროდუქტის ექსპორტი განხორციელდება;
(თ) „ურთიერთშემცვლელი მასალა" ან „ურთიერთშემცვლელი პროდუქტი" ნიშნავს მასალას ან პროდუქტს, რომელიც არის იმავე სახეობისა და კომერციული ხარისხის მქონე, იმავე ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლებით, და რომელთა ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია;
(ი) „საქონელი" ნიშნავს როგორც მასალას, ასევე პროდუქტს;
(კ) „წარმოება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის დამუშავებას ან გადამუშავებას, მათ შორის აწყობას;
(ლ) „მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლ მასალას, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის წარმოებაში;
(მ) არაადგილობრივი მასალების მაქსიმალური შემცველობა ნიშნავს არაადგილობრივი მასალების მაქსიმალურ ნებადართულ შემცველობას დასამუშავებელ ან გადასამუშავებელ ნაწარმში, რათა საკმარისი იყოს მისთვის ადგილობრივი პროდუქტის სტატუსის მისანიჭებლად. ეს შეიძლება გამოიხატოს პროდუქტის ფრანკო-ქარხნის ფასის პროცენტის ან ამ გამოყენებული მასალების სუფთა წონის პროცენტის სახით, რომელიც მოქცეულია თავების, თავის, სათაურის ან ქვესათაურის მითითებული ჯგუფის ქვეშ;
(ნ) "პროდუქტი" ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;
(ო) "ტერიტორია" მოიცავს მხარის სახმელეთო ტერიტორიას, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას;
(პ) “დამატებითი ღირებულება“უნდა განისაზღვროს როგორც პროდუქტის ფრანკო-ქარხნის ფასი იმ გამოყენებული მასალების საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც მიეკუთვნება სხვა მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებთანაც მოქმედებს კუმულაცია, ან თუ უცნობია საბაჟო ღირებულება და ვერ ხერხდება მისი დადგენა, ამ შემთხვევაში განისაზღვრება ექსპორტიორ მხარეში მასალისთვის გადახდილი პირველი დადგენილი ღირებულების მიხედვით;
(ჟ) „მასალების ღირებულება“ ნიშნავს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის იმპორტის დროს მის საბაჟო ღირებულებას, ან, თუ იგი უცნობია და ვერ ხერხდება დადგენა, მაშინ იგულისხმება ექსპორტიორ მხარეში მასალებისთვის გადახდილი პირველი დადასტურებადი ფასი. როდესაც გამოყენებული ადგილობრივი მასალების ღირებულება დასადგენია, გამოიყენება mutatis mutandis.